დაკრძალვას დაესწრნენ მისი ნათესავები, მეგობრები და პოლიტიკოსები.
ნიკა რურუა 4 დეკემბერს საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების თანდასწრებით, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნიკა რურუა 2003 წლის „ვარდების რევოლუციის” შემდეგ გახდა საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან. პარლამენტის წევრობისას იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ასევე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე.
იყო ავტორი იდეისა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის დაარსების თაობაზე, რისი რეალიზაციაც თანამოაზრეებთან ერთად შეძლო კიდეც 2006 წელს. ამავე წელს თანამოაზრეებთან ერთად უხელმძღვანელა საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის სამშობლოში გადმოსვენების და მთაწმინდის პანთეონში მისი დაკრძალვის პროცესს.
2009 წლის 9 დეკემბერს ნიკოლოზ რურუა დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ნიკოლოზ რურუა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად იყო ინიციატორი ქალაქ გორში იოსებ სტალინის ძეგლის აღების.
„ნიუპოსტი“ მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
მასალის გამოყენების პირობები






