როგორც ადგილობრივები ყვებიან, დასახლებულ პუნქტებში მგლები ხშირად ჩამოდიან და თავს ესხმიან შინაურ ცხოველებს. მათი განცხადებით, მდგომარეობა იმდენად გართულდა, რომ ცხოვრება უკვე გაუსაძლისი გახდა და თუ ხელისუფლება სასწრაფო ზომებს არ მიმართავს, ფაროსანასაგან მიყენებული ზარალით ისედაც გაღატაკებული მოსახლეობა, შესაძლოა ღორებისა და ძროხების გარეშე დარჩეს.
მამუკა ბაჯელიძეს, რომელსაც სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავს მტაცებელმა მაკე ძროხა დაუგლიჯა. როგორც ის აცხადებს, ამ ზამთაში ოჯახი სწორედ ამ ძროხის იმედზე იყო და ახლა ისინი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
მისი მეზობელი ბადრი გობრონიძე ყვება, რომ მგლები თავს მის ღორებსაც დაესხნენ და ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის. სოფელში ხშირად პოულობენ მგლებისგან დაგლეჯილ მსხვილფეხა პირუტყვსა და ღორს. გარდა ამისა, მოსახლეობას ბავშვების სკოლასა და საბავშვო ბაღში ტარების შიშიც აქვთ, რადგან კონკრეტული დასახლება, რომელსაც მგლები შემოესია, სოფლის ცენტრიდან სამი კილომეტრით მაინცაა დაშორებული, ფეხით მოსიარულეებისთვის კი, საღამოს საათებში გარეთ გამოსვლა სახიფათო გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






