„ბავშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს. სახელმწიფოს ვთხოვ, მომცეს შვილებთან ცხოვრების უფლება" - ნათია ბერძენიშვილი
საზოგადოება - 12:52, 13 Nov, 2018     2956
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგვიდგენს რამდენიმე ქალის ისტორიას, რომლებმაც ე.წ. ბავშვთა სახლებში დიდი სტრესი განიცხადეს და რომლებიც ამჟამად საოჯახო ტიპის საცხოვრებლებში ცხოვრობენ.

ნათია ბერძენიშვილი, 36 წლისაა. მან 25 წელზე მეტი გაატარა შშმ პირების დიდ ინსტიტუციაში, ჯერ სამეგრელოში, შემდეგ თერჯოლაში. ნათიამ თერჯოლის ინსტიტუციაში გაიცნო მეუღლე და პირველი შვილიც შეეძინა:


“ჩემი ბავშვობა
——————–
მე კარგად მახსოვს ჩემი მშობლებიც, და-ძმაც… და იქედან მომყვება ეს სიყვარულის უნარი…

ქუთაისში დავიბადე და ბებია რომ გარდამეცვალა, მშობლებმა ჩვილ ბავშვთა სახლში დამტოვეს. ჰო, ამ ფეხების გამო… მაშინ 4 წლის ვიყავი. მას მერე ჩემს ოჯახთან კომუნიკაცია არ მქონია. ჩვენ 7 და-ძმა ვართ და ძალიან მინდა, რომ ისინი, მაინც, მოვძებნო.

16 წლის რომ გავხდი, სამეგრელოს ჩვილ ბავშვთა სახლიდან თერჯოლაში გადამიყვანეს, სადაც 2004 წელს ჩემი მეუღე გავიცანი…

მარიამი
————-
12 წელი გავატარე თერჯოლაში და იქ მეყოლა პირველი შვილი – მარიამი…

საკეისროს შემდეგ, ჩემი შვილი რომ მოვიკითხე, მითხრეს ზესტაფონში წაიყვანესო. ბავშვი ისე წამართვეს, რომ ძუძუს ჭმევის და ერთხელ ნახვის უფლებაც კი არ მომცეს. მე არავინ არაფერი შემითანხმა, არც ხელი მომიწერია რამე საბუთისთვს, ისე წაიყვანეს ჩემი შვილი. წარმოიდგინეთ, სამშობიაროში ყველა დედას ეწვა თავისი შვილი გვერდით და მე არავინ…

ამაზე ისეთ დღეში ჩავვარდი, რომ იქაურობა დავლეწე. საწოლიდან ავდექი და ძირს დავენარცხე… დეპრესიაზე შეტევაც დამემართა და კრუნჩხვებში ჩავვარდი, ისინი კი დამამშვიდებელს მიკეთებდნენ და მაძინებდნენ. იქ ვერ მიხვდნენ და ვერც გამიგეს, მე რატომ გავღიზიანდი ასე, რადგან თვლიან, რომ ჩვენ არ განვიცდით, რგორც დედები და მშობლები. არ ესმოდათ, რომ მეც მინდოდა შვილი ჩემს გვერდით გაზრდილიყო. მახსოვს იქ ერთ-ერთ ექთანს ვუთხარი, გთხოვ, შენც ხომ დედა ხარ, იცი რა არის ეს გამოცდილება და ერთხელ მაინც მანახე ჩემი ახლად დაბადებული შვილი-მეთქი. მან შვილები დაიფიცა და მჯერა, რომ არაფერი იცოდა ჩემი გოგოს შესახებ. მერე ის ექიმი დავიბარე, ვინც მე საკეისრო გამიკეთა. მან ბოდიშები მიხადა, აქ აღარ არის შენი შვილიო, მაგრამ მე ბოდიში რას მიშველიდა?! მაშინ ვუთხარი, აქედან რომ გამწერთ, მე მაინც ვიპოვნი ჩემს შვილს და თქვნს თავს კი ღმერთს ვაბარებ, ის სამართლიანია-მეთქი…

მშობიარობის მერე, სავადმყოფოდან რომ გამწერეს და დამაბრუნეს თერჯოლაში, ბავშვი იქაც მოვიკითხე. ძიძებმა მითხრეს, აქ რა უნდა ბავშვს, აქ მარტო დიდები არიანო. შუშები დავლეწე, ხელები დავიჭერი და ვითხოვდი შვილი ეჩვენებინათ. შვილს რატომ კითხულობო, ვითომ გაკვირვებულები მეკითხებოდნენ და იმის ახსნა მიწევდა, რომ მეც ის დედა ვარ, რომელსაც საკუთარი შვილი გვერდით უნდა რომ ჰყავდეს.

მას მერე, რაც ამ ფორმით მოვითხოვე შვილის ჩვენება, მარიამთან წამიყვანეს. ჩემი შვილი მაშინ ზესტაფონში იყო, მამაოს სახლში, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვები ყავდათ. ჩემს დანახვაზე მამაო გაგიჟდა, დედა აქ რატომ მოიყვანეთო. მაშინ ვუთხარი, თქვენ თუ ღმერთი გწამთ, დედას როგორ უშლით იმას, რომ შვილი ნახოს-მეთქი. ერთი ადამიანი მომეხმარა, განცხადებაც დავწერე და გავაგზავნეთ სამინისტროში. სხვა გზა არ მქონდა, ასე უნდა მებრძოლა ჩემი შვილისთვის. სამინისტროდან ჩამოვიდნენ თერჯოლაში. მოვითხოვე, რომ მარტო დავეკითხე, რადგან თუ მოისმენდნენ რას ვეუბნებოდი სამინისტროს წარმომადგენლებს, დამსჯიდნენ. იქ სიმართლის მოსმენა არავის უყვარდა და ჯოხს გვირტყამდნენ თავში, ვინც რამეს ვიტყოდით. მე მაინც ყველაფერი მოვუყევი მათ. ბევრი პრობლემა იყო იმ დაწესებულებაში – არც საჭმელი იყო, არც ტანსაცმელი…პირველად რომ ჩავედი თერჯოლაში, ჩემი ტანსაცმელი დავურიგე ყველას და მე აღარაფერი მქონდა გამოსაცვლელი. შვილზეც ვუთხარი, რომ მისი ნახვა მინდოდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა კატეგორიულად უთხრეს დირექტორს, რომ არ აეკრძალათ ჩემთვის შვილის ნახვა და როცა მოვინდომებდი, მაშინვე წავეყვანე მასთან. მართლა იქირავეს მანქანა ჩემს გამო და ჩემი შვილის სანახავად ზესტაფონში დავდიოდი.

პირობები იმ სახლში, ნამდვილად, ნორმალური იყო, მაგრამ ხომ უნდა ეთქვათ წინასწარ, სად მიყავდათ?! მე ვქსოვდი ბევრ რამეს და ამით ვაგროვებდი ფულს, რომ ყოველ ჩასვლაზე დამეტოვებინა და ჩემს შვილს ყველაფერი ჰქონოდა. იქ ერთი ქალი შევარჩიე, რომელსაც ვენდობოდი და მას ვუტოვებდი ფულს. სწრაფ-სწრაფად ვქსოვდი, რომ ბევრი ფული დამეგროვენინა ჩემი შვილისთვის და მას არაფერი მოკლებოდა.

ერთ დღესაც ჩავედი ზესტაფონში და ბავშვი იქ აღარ დამხვდა. ჯავახეთში ისე გადაიყვანეს, რომ მე არც კი მკითხეს. ეს მამაომ გააკეთა იმიტომ, რომ მე იქ აღარ მევლო. მას მერე 5 წელი ვეღარ ვნახულობდი მარიამს…

ნიკოლოზი
—————
თერჯოლის მერე წელიწადნახევარი დუშეთში ვიყავი ქმართან ერთად და იქ მეყოლა ჩემი ბიჭი – ნიკოლოზი…

იქაც იგივენაირად, ბავშვი როგორც კი დაიბადა, ეგრევე წაიყვანეს, საერთოდ არ მომაკარეს… აღარც კი მახსოვს რა გავტეხე, ან რას ვაკეთებდი, ისეთ დეპრესიაში ვიყავი.

დიდი ბრძოლის მერე წამიყვანეს იქ, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა. ოჯახი იყო, მაგრამ ძალიან არ მომეწონა ის პირობები, სადაც ნიკოლოზი იზრდებოდა. ისეთი ვიწრო სახლი იყო, შიგნით ვერ შევედი. თან ვხედავდი, რომ საკუთარ შვილებს კარგად აჭმევდა, ჩემი შვილი ყავდა მარტო „მანიზე“. ვუთხარი, ამხელა ბავშვია, ორი წლის და რაღაც სხვაც ხომ სჭირდება საჭმელად-მეთქი. მერე ვიბრძოლე და ისიც გადმოვიყვანეთ კახეთში, იმავე ოჯახში, სადაც ჩემი უფროსი შვილია.

მე სულით და გულით მინდოდა, რომ ჩემი შვილები ჩემთან ყოფილიყვნენ. სულ ამაზე ვფიქრობ ახლაც. სამინისტრომ ასე მითხრა, არ შეიძლება შვილები შენთან იყვნენო. გაოცებული დავრჩი. მეც მინდა, როგორც სხვებს, ჩემი შვილები ჩემს გვერდში იზრდებოდნენ, გრძნოდნენ ჩემს სითბოს და სიყვარულს-მეთქი.


ცხოვრება გურჯაანში
——————————
ხუთი წელი გამიხდა რაც გურჯაანში ვცხოვრობ, ჩემს ქმართან ერთად…

გურჯაანში გადმოსვლამდე ძალიან ცუდად ვიყავი, ხშირად მემართებოდა შეტევა, საჭმელს ვერ ვჭამდი ნერვიულობისაგან და სულ ძილში ვიყავი იმიტომ, რომ ჩემს წამალს კი არ მაძლევდნენ, ნემსს მიკეთებნენ. უნდოდათ, რომ მე სულ საწოლში ვყოფილიყავი, მოსულ სტუმრებს არ შევხვედროდი და არ მესაუბრა მათთან. ამას მოგვიანებით მივხვდი და ნემსს აღარ ვაკეთებენინებდი…

აქ რომ მოვედი დამაწყნარეს, ჩვენ მოგეხმარებით შვილების მოძებნაშიო და მართლაც ასე მოხდა. ბავშვები ახლა გურჯაანის ახლოს ერთ-ერთ სოფელში, ძალიან კარგ ოჯახში ცხოვრობენ ერთად. სასწაული ბავშვები არიან … რომ დამინახავენ, გიჟდებიან ჩემს გამო. ჭიშკრიდანვე გამორბის ხოლმე გახარებული ნიკოლოზი ჩემსკენ „დედაო“.
მარიამი უკვე 10 წლისაა, მაგრამ სკოლაში ვერ დადის, რადგან ეტლზეა და სახლში ამეცადინებენ. ნიკოლოზი კი 4 წლის არის და ბაღში დადის. ჩვენ სულ დავდივარ მათთან სანახავად, ისინც მოდიან აქ სტუმრად, ტელეფონზეც ვეკონტაქტებით ყოველდღიურად. დაბადების დღეებს კი საჩუქრებით და ტორტით ავღნიშნავთ ერთად.

ამიტომ, აქ გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, შვილებს გეფიცებით, ვიდრე მანამდე სადაც მიცხვორია ბავშვთა სახლებში. დასამალი არაფერი მაქვს, აქ ვისწავლე ოჯახური ცხოვრება და ასევემ, ბევრი რამის კეთება. სახლში უკვე სხვადასხვანაირ სადილს ვამზადებ, ვისწავლე ცხობაც, წიწილებს ვუვლი და ა.შ. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს. როგორც მინდოდა, ისეა აწყობილი ჩემი ცხოვრება…

მთავარი ოცნება
———————–

მე ერთი დღეც კი არ მიცხოვრია ჩემს არც ერთ შვილთან, მაშინვე მართმევდნენ…

ჩემი მთავარი ოცნებაა, რომ შვილები ჩემს გვერდით იყვნენ, ოჯახიც ამისთვის შევქმენი. სახელმწიფოს ვთხოვ ერთადერთს, მომცეს ჩემს შვილებთან ერთად ცხოვრების უფლება და ხელი შემიწყოს ოჯახის გაერთიანებაში. ეს ჩემს შვლებსაც სჭირდებათ. მე ხელს არ ჩავიქნევ და ბოლომდე ვიბრძოლებ.

ახლა ფულს ვაგროვებ, რომ სახლი ვიყიდო და საცხოვრებელი პირობები შევქმნა ბავშვებისთვის. ძალიან მინდა, რომ მათ ჩემი სითბო და სიყვარული იგრძნონ, რაც ბავშვობიდან ძალიან დააკლდათ… სახლს გურჯაანში ვიყიდი იმიტომ, რომ აქ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ძალიან კარგად ვარ.”

ავტორი: იდა ბახტურიძე
ფოტო: სალომე ცოფურაშვილი



„ქალები საქართველოდან“-ის გუნდის განცხადება:

ჩვენთვის კარგად ცნობილი ე.წ. „ბავშვთა სახლების“ მავნებლობის შესახებ ბევრჯერ დაწერილა და იქ მიმდინარე დაფარული დანაშაული სააშკარაოზე გამოსულა. მსხვილი ინსტიტუციები დაფუძნებულია ადამიანების ჩაგვრაზე, ბულინგზე, პიროვნული ზრდის ხელშეშლაზე. ამ ტიპის ინსტიტუციებში ბავშვები, მოზარდები და ზრდასრულები წლების განმავლობაში განიცდიდნენ ტანჯვას, დამამცირებელ მოპყობას, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას. ასევე არ ქონდათ მათი სამედიციონო საჭიროებაზე მორგებული თერაპია, რაც არა მარტო მათ განვითარებას აფერხებდა, ჯანმრთელობის მდგომარეობასაც აუარესებდა. ამ სისტემაში მოხვედრილი ადამიანი განწირული იყო იზოლაციისა და ტანჯვისთვის. ინსტიტუციებში, საუკეთესო ინფრასტრუქტურის პირობებშიც კი, ადამიანი მოკლებულია დამოუკიდებლობას, არჩევანის თავისუფლებას, ავტონომიას, პიროვნული ზრდის შესაძლებლობას.

ცივილიზებული სამყაროს ღირებულება ეფუძნება პიროვნების თავისუფლებას და უფლებას ქონდეს ხელმისაწვდომობა სოციალიზაციის სივრცეებზე, თვითგანვითარებაზე, განათლებასა და ჯანდაცვაზე. მსხვილი ინსტიტუციების არსებობა პრაქტიკულად უარყოფს ადამიანის ამ ფუნდამენტურ უფლებებს.
2013 წელს საქართველომ მოახდინა გაეროს შშმ პირთა 2006 წლის კონვენციის რატიფიცირება, რომელიც გულისხმობს ვალდებულებას, უზრუნველყოს ზემოაღნიშნული უფლება.

2011 წლიდან საქართველოს რამდენიმე რეგიონსა თბილისში ფუნქციონირებს ალტერნატიული, საოჯახო ტიპის სახლები, რომელიც ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ შექმნა. ასეთი ტიპის სახლებში არაუმეტეს 5 ადამიანი ცხოვრობს და სადაც დამხმარეების ხელშეწყობით, მათ აქვთ მეტი თავისუფლება გარე სამყაროსთან კომუნიკაციისთვის, განათლებისთვის, დასაქმებისთვის. მათ აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლებაც, რაც მათი განვითარების შესაძლებლობას და პროდუქტიულობას გაცილებით მეტად ზრდის.

სამწუხაროდ, 2019 წლის სახელმწიფოს ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უარს ამბობს ნაკისრ ვალდებულებაზე, რაც გულისხმობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების წახალისებას. ახალი ბიუჯეტი კვლავ მიმართულია მსხვილი ინსტიტუციების შექმნა-დაფინანსებაზე. დიდ ინსტიტუციების ზიანსა და ბოროტებაზე „ქალები საქართველოდან“- ის რესპონდენტები საუბრობენ. დახურვის საფრთხის წინაშე დგას არსებული სახლებიც.

ამიტომ ჩვენი გუნდი უერთდება ორგანიზაციის „ხელი ხელს“ და მშობელთა ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის“ პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვას, რაც გულისხმობს საოჯახო ტიპის საცხოვრბლების დაფინანსების გაზრდას. „ქალები საქართველოდან“ უცხადებს სრულ მხარდაჭერას „ხელი ხელს-“ ის ბინადრებს, რათა არ დაბრუნდენ ისინი ძველ სისტემაში, სადაც მათ ავტონომიასა და განვითარებას, პირად ღირსებას დაემუქრება საფრთხე.


© 2018 პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალები საქართველოდან“ (ავტორები: მაიკო ჩიტაია, იდა ბახტურიძე, ნინო გამისონია, ფოტოგრაფები: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი, სოფო აფციაური) მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

სტატიების დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

სტატიების შინაარსზე პასუხისმგებელია ქალთა საინიციატივო ჯგუფი „ქალები საქართველოდან“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ან/და EWMI-ს შეხედულებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42