ელადი დუმბაძეს სახლი თავზე ენგრევა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. მის ქოხში სიტუაცია სავალალოა: მიწის იატაკი, ჩამონგრეული ჭერი, დახეთქილი კედლები, ცელოფნით აკრული ფანჯრები, მწყობრიდან გამოსული ავეჯი, დაჟანგული სამზარეულოს ჭურჭელი...
ეს მოხუცი ქალი ხშირად შიმშილობს, მას წყლის მომტანიც არავინ ჰყავს, მთელ დღეებს სასოწარკვეთაში ატარებს და სიკვდილს ნატრობს.
ელადი დუმბაძე სახელმწიფოსგან 60 ლარის ოდენობის შემწეობას იღებდა, თუმცა ამასწინათ მას დახმარება 10 ლარით შეუმცირეს. სოციალურმა აგენტმა არც კი აუხსნა მოხუცს ამის მიზეზი.
„მეუღლე 1984 წელს გარდამეცვალა. ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო, მაგრამ გავუძელი ბედის გამოცდას, გავუმკლავდი ტკივილს და უამრავ პრობლემას, -გვიყვება იგი. მე მარტო გავზარდე შვილი თემური, რომელმაც შექმნა თავისი ოჯახი და ყურადღებას არ მაკლებდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ჩემი ბიჭი შეუძლოდ გახდა, გადაიტანა ჯერ ერთი ინსულტი, შემდეგ მეორე, მერე მესამე...ახლა იგი 72 წლისაა, ვერ დადის, საწოლს არის მიჯაჭვული, საშინლად უჭირს, არ აქვს წამლების საყიდელი ფული და მთელი ოჯახი მის პენსიას მისჩერებია. ძალიან ვდარდობ, არ ვიცი რა ეშველება მას...ნუთუ ჩემნაირი სიბერე ელის მასაც?“.
ელადი დუმბაძის ოჯახში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. მისი შვილიშვილი, რომელიც მშენებლობაზე მუშაობდა და უვლიდა წლების განმავლობაში მამას და ბებიას, სიმაღლიდან ჩამოვარდა და შრომისუუნარო გახდა, ვერ დადის და ინვალიდობის სტატუსი აქვს მინიჭებული.
„რომ იცოდეთ, როგორ ნერვიულობს ჩემი ბიჭი...ნერვიულობს, რომ ვერაფრით მშველის...ღმერთს შევთხოვ, რომ კარგად იყვნენ ისინი, მე კი მზად ვარ, თუნდაც დღესვე მოვკვდე...ოღონდ ისინი გამოჯანმრთელდნენ! დიახ, მშიერი ვარ ხშირად...ამასწინათ ქუჩის ძაღლმა „გაანგრია“ ჩემი ქოხის „ფანერკით“ აჭედილი კარი და რაც ერთი კვირის საჭმელი მქონდა ყველაფერი შემიჭამა...ეჰ, ვცხოვრობ ასე...თუ ამას ცხოვრება ჰქვია“, - ამბობს ელადი დუმბაძე.
მეგობრებო, ძალიან მძიმე სანახავია ამ ხანდაზმული ქალის ყოფა, მისი ცრემლმორეული თვალები და სასოწარკვეთილი მზერა, აკანკალებული ხელები და ნაღვლიანი გამომეტყველება.
მოდით დახმარების ხელი გავუწოდოთ მას, ვანუგეშოთ და მოვეფეროთ, დავაპუროთ და შევუმსუბუქოთ ტკივილი! შემოწირულობის გადარიცხვა შეგიძლიათ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ელადი დუმბაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: chernovetskyifund.ge.
მასალის გამოყენების პირობები






