საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესი საკმაოდ კარგად არის განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
სტატისტიკური მონაცემებით კაზინო ""აჭარაში" დღეში საშუალოდ 1000-1500 ადამიანი შედის, შაბათ-კვირას კი გაცილებით მეტი.
ყველაზე შემაშფოთებელი ფაქტი ის არის, რომ გენბლერების სიაში არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც საკუთარ ოჯახებზეც კი უარს ამბობენ, რათა ითამაშონ. თუმცა, მამაკაცებში აზარტული თამაშების კლინიკური დამოკიდებულება ორჯერ უფრო მაღალია.
"საერთაშორისო გამჭირვალო - საქართველოს" ბოლო კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 6% აზარტული თამაშებითაა დაკავებული.
მოსახლეობის 2%-მა განაცხადა, რომ აზარტული თამაშების გამო, მას ან მისი ოჯახის წევრს მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემა ჰქონია. კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ძალზე დიდი ნაწილი (92%) უარყოფითად არის განწყობილი ამ ინდუსტრიის მიმართ და მიაჩნია, რომ ის საერთოდ უნდა აიკრძალოს (63%) ან შეიზღუდოს (29%).
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამავე კვლევის მიხედვით, საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობისა და მათ მიერ წაგებული თანხის შესახებ სტატისტიკაც არ არსებობს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე არ არსებობს სახელმწიფოს მიერ წარმოებული კვლევა, რაც აზარტული თამაშებიდან მომდინარე რისკებს შეისწავლიდა და გამოავლენდა პრობლემის სიმძიმეს.
„ონლაინთამაშებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის მომენტში პირადობის მოწმობის მონაცემების შეყვანა, თუმცა მონაცემების სიზუსტის კონტროლის მექანიზმი ძალიან სუსტია. ჩვენ მიერ ჩატარებული ტესტის შედეგად, აზარტული თამაშების რამდენიმე ვებგვერდზე დარეგისტრირება შესაძლებელია პირადი ნომრის ველში ნებისმიერი თერთმეტნიშნა კომბინაციის შეყვანით, ასევე, რეგისტრაციის მომენტში არ მოითხოვება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლის ატვირთვა და არ ხდება პერიოდულად მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემების გადამოწმება" - აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.
მასალის გამოყენების პირობები






