გორში გარდაცვლილი მცირეწლოვანი ბავშვის ბაბუის ხვიჩა ბერიაშვილის განმარტებით, იმ შემთხვეაში, თუ სამართლადამცველები მომხდარს დროულად არ გამოიძიებენ, პროტესტის ნიშნად ცენტრალურ მაგისტრალს გადაკეტავენ.
„მე დავინახე, რომ თავზე პარკი ჰქონდა გადაკრული. ფეხებზე, რაღაც მავთული, კარგად ვერ დავინახე. ალბათ, ყველას აწყობს ეს ყველაფერი. აზრი არ ექნებოდა, თუ ვისი ბავშვი იქნებოდა. თუ არ გამოიძიეს, მაგისტრალს გადავკეტავთ. მთელი გორი ფეხზე დადგება. ამას ვამბობ გორელების სახელით,“ - განაცხადა გარდაცვლილი მოზარდის ბაბუამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2010 წელს დაბადებული ნ.ბ. მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
გორში მცხოვრები ნანა ბერიაშვილი სახლიდან გუშინ დღის პირველ ნახევარში, ცეკვაზე წავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი გაქრა.
8 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
მასალის გამოყენების პირობები






