ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე, რომელიც აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს შვილმოკლულ მამებს, რომლებიც რუსთაველზე საპროტესტო აქციას უკვე რამდენიმე კვირაა მართავენ, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„დღეს კეთილი ზღაპარივით დღე მქონდა. უზომოდ გახარებული და პატარა ბავშვივით გულაჩუყებული ვარ და ეს ამბავი მინდა ყველას გაგიზიაროთ.
ეს პატარა ვაჟკაცი არის გიორგი, ჩვენი სასახელო და ისტორიული ქალაქიდან ახალციხიდან. გუშინ ფეისბუქით მისი ემიგრანტი დედიკო ნათია ქავთარაძე დამიკავშირდა და მოწიწებით მთხოვა: ჩემმა 13 წლის შვილმა ცოტაოდენი ფული მოაგროვა და თბილისში უნდა ჩამოსვლა, რომ ზაზას და მალხაზს სოლიდარობის ნიშნად შეხვდეს და რაზეც ფული ეყოფა, ყველაფერი საჭირო უყიდოს შვილ მოკლულ მამებსო. უბრალოდ მე საზღვარ გარეთ ვარ და თავად თბილისში მარტო ცოდოა, დაიკარგება. იქნებ დახვდეთ და მამებამდე მიიყვანოთო.
ჰო და დღეს დავხვდი ავტო ვაგზალზე და ტაქსით წამოივიყვანე. გზაშივე მთხოვა: მაღაზიაში გავიაროთ და უყიდოთ მამებს ყველაფერსო. გული ამიჩუყდა. ტაქსის მძღოლმა, რომ გაიგო პატარა გიორგის ისტორია მგზავრობის ღირებულება არ გამოგვართვა. მე კი ბრიყვულად ვინაობაც კი არ ვკითხე, რომ მისი კეთილშობილება აქ მაინც დამეფასებინა.
ზაზასთან შეხვედრაც ძალიან ამაღელვებელი გამოდგა. ემოციებით გადავივსეთ ყველა. იცით რას გეტყვით? საქართველოს ძალიან დიდი, წარმატებული და ღირსებით სავსე მომავალი აქვს. იმიტომ, რომ ამ პატარა გიორგისნაირი გმირი ახალგაზრდები გვეზრდებიან. ძალიან მაგარი თაობა გვეზრდება, რომელიც აღვსილია სამოქალაქო სოლიდარობის გრძნობით. ზუსტად სამოქალაქო სოლიდარობის გრძნობით განისაზღვრება საზოგადოების სიმწიფე. ზუსტად ამისი მაგალითი მოგვცა ყველას პატარა ვაჟკაცმა, დიდმა ქართველმა ახალციხელმა გიორგიმ.”- წერს დავით ნებიერიძე
მასალის გამოყენების პირობები






