ქუთაისი - ვარშავას ბორტზე შემოწმება დასრულდა, ბომბის არსებობა ცრუ განგაში აღმოჩნდა - ამი შესახებ „ნიუპოსტს“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს.
„საქართველოს აეოპორტების გაერთიანების" განცხადებით, 25 ოქტომბერს „ვიზეარის" რეისმა W6 1576 ქუთაისი - ვარშავას მიმართულებით იძულებითი დაშვება განახორციელა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა. ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში. ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან.
ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის საინფორმაციო ცენტრში შესული შეტყობინების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 331-ე მუხლით, რაც ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






