ვანო მერაბიშვილის ადვოკატი, გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში მირზა სუბელიანმა თავად აღიარა, რომ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ციხიდან მოიტაცეს და ფარცხალაძეს მიჰგვარეს.
ადვოკატის განცხადებით, მერაბიშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა. ის ყოფილი მაღალჩინოსანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
„თუ კიდევ შერჩა გონიერება ცოტა მაინც, მე ნაკლებად მგონია, დღევანდელ ხელისუფლებას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა აღასრულოს სტრასბურგის მე-18 მუხლის დარღვევა, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოს ივანე მერაბიშვილი იმიტომ, რომ ეს ერთხელ კიდევ უკვე სუბელიანის პირით მოვისმინეთ, რომ ის მონაწილეობდა ვანოს საქმის დალაგებაში. თავიდან ბოლომდე გაყალბებული იყო ყველაფერი, ის ვითომ დაწყებული გამოძიება მერაბიშვილის გაყვანასთან დაკავშირებით, ანუ წინასწარ დადგმული იყო, ყველა იყო გაფრთხილებული, ვის რა ჩვენება უნდა მიეცა, როგორ დაემალათ ის ფაქტი, რომ ვითომდა ივანე მერაბიშვილის არ გაიყვანეს, ეს ჩვენ მოვისმინეთ, ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა, მირზა სუბელიანის პირით, რომ ის არის შემსრულებელი, რომ მისი ბიჭები არიან ამ საქმის შემსრულებლები და ბუნებრივია, მას ამასთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა წაეყენოს ბრალი და დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,“ - განაცხადა ჩივიაშვილმა.
გუშინ "რუსთავი 2"-მა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაკეთებული ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი საუბრობს.
გავრცელებულ ჩანაწერში მირზა სუბელიანი ხელისუფლების მაღალჩინოსნების არაკანონიერ დავალებების შესახებ საუბრობს.
ყოფილი მაღალჩინოსანი აღნიშნავს, რომ მას 50 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი ჰყავს.
მასალის გამოყენების პირობები






