თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, „ქართველოლოგიურ კონგრესზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს თემატიკაზე, ვინც ფიქრობს საქართველოზე და უყვარს საქართველო. მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი თსუ 100 წლის იუბილეს ეძღვნება. შესაბამისად, მეცნიერებათა აკადემიაში დაწყებული ღონისძიება თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება. ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საშუალება აქვთ კონგრესზე წარმოადგინონ საკუთარი კვლევები, გაეცნონ ქართველოლოგიის სფეროში არსებულ სიახლეებს.“
კონგრესზე ქართველ კოლეგებთან ერთად მოხსენებით წარსდგებიან აშშ-ის (მასაჩუსეტსი), დიდი ბრიტანეთის (ლონდონი), გერმანიის (ბერლინი), საფრანგეთის (პარიზი), იტალიის (ვენეცია), შვედეთის (მალმო), სლოვაკეთის (ბანსკა-ბისტრიცა), რუსეთის ფედერაციის (მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, სოჩი, დონის როსტოვი, გროზნი, მაგასი), იაპონიის (ტოკიო), ისრაელის (იერუსალიმი), აზერბაიჯანის (ბაქო) წამყვანი სამეცნიერო დაწესებულებების სახელმოხვეჭილი სწავლულები. ეს ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ის მეტნაკლებად სრულ წარმოდგენას იძლევა სამამულო და საზღვაგარეთული ქართველოლოგიის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ.
„ძალიან საინტერესო კონგრესია. მისმა პროგრამამ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. აქ არიან უცხოელი კოლეგები, ძველი მეგობრები. ძალზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რადგან ეს არის შეხვედრის ადგილი იმ მკვლევრებისა, ვინც ქართველოლოგიის სხვადასხვა სფეროში მუშაობს,“- აღნიშნა მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ქრისტინა ვამლინგმა.
კონგრესი, რომლის ორგანიზატორები თსუ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია არიან, 28 სექტემბერს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






