22 სექტემბერს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საზეიმოდ გაიხსნება მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი, რომელსაც თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. გახსნის დღეს ყველა ასაკის სტუმარს სახალისო-სამეცნიერო აქტივობები ელოდებათ.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2018 წლის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი 22 სექტემბერს გაიხსნება და 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები - გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ღია კარის დღეები, უახლესი სამეცნიერო გამოცემებისა და პროექტების პრეზენტაციები, გასვლითი ღონისძიებები და სხვა.
ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ გერმანული, იტალიური და ფრანგული მეცნიერების დღეებში, დაათვალიერონ ცერნის ლაბორატორიის ინტერაქტიული გამოფენა, ერთი დღე გაატარონ გრაკლიანის არქილოგიურ ექსპედიციაში, ჩაერთონ სამეცნიერო პიკნიკში ბათუმსა და ქუთაისში.
1 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილია ევროპის აკადემიის რეგიონალური ჰაბის გახსნა. თსუ ასევე უმასპინძლებს ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ კვლევისა და ინოვაციის აღმოსავლეთ პარტნიორობის პანელის საერთაშორისო კონფერენციას „EU4Innovation: კვლევებისა და ინდუსტრიების კავშირების ხელშეწყობა“.
ფესტივალში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სან დიეგოს უნივერსიტეტი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.
მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.
მასალის გამოყენების პირობები






