დღეს ყველა ფეხბურთელი გურამ კაშიაზე ლაპარაკობს, რომელმაც ლგბტ თემის სოლიდარობის ნიშნად მათი სიმბოლოს გამომხატველი სამკლაური გაიკეთა, მას უეფა-მ ამ საქციელის გამო თანასწორობის ჯილდო გადასცა, თუმცა სამშობლოში საზოგადოების ნაწილმა ამ ნაბიჯისთვის შერისხა. იზიარებთ თუ არა მის სულისკვეთებას?
"გურამს არ ვიცნობ, მისი პირადი მოსაზრებები არ ვიცი. მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, იმ სამაჯურს, თუ რაც არის, სიმბოლო, რაც ხელზე გაიკეთა, ცეცხლს წავუკიდებდი და დავწვავდი. ითხოვენ აქ ზედმეტ უფლებებს და თავზე გვასხდებიან. ავადმყოფები არიან და აჯობებს, იმკურნალონ! მე მხარს არ ვუჭერ მათ დროშას და არც მათ მომხრეებს" - აღნიშნა ნადირაძემ.
გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
მასალის გამოყენების პირობები






