განცხადება ბან კი მუნმა მშვიდობის სასახლის 100 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ სირიაში მყოფ გაერო-ს ქიმიური იარაღის ექსპერტებს დრო უნდა მიეცეთ იმის გამოსაძიებლად, მოხდა თუ არა გასულ კვირას დამასკოში ქიმიური იარაღის გამოყენება.
"აუცილებელია, მოხდეს ფაქტების დადგენა. გაერო-ს საგამოძიებო ჯგუფი ახლა სწორედ ამას აკეთებს. მომხდარიდან რამდენიმე დღეში მათ შეაგროვეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დაკითხეს მოწმეები და თვითმხილველები. ექსპერტთა ჯგუფს დრო სჭირდება გამოძიების ჩასატარებლად. მიეცით შანსი მშვიდობას, მიეცით შანსი დიპლომატიას, შეწყვიტეთ ბრძოლა და დაიწყეთ მოლაპარაკებები", - განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას იძიებს, ორშაბათს დამასკოში ჯგუფის მანქანაზე თავდასხმის შედეგად საგამოძიებო საქმიანობა შეწყვიტა. ექსპერტთა ჯგუფმა მუშაობა დღეს განაახლა.
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვეს აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა, რომლებიც მზად არიან სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო შეტევისთვის.
21 აგვისტოს დამასკოში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, სირიის შეიარაღებულმა არმიამ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა.
მასალის გამოყენების პირობები






