მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ზოგადპროფესიული უნარების და საგნობრივი მეთოდიკის ონლაინ კურსებს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, გეოგრაფია, ინგლისური) შესთავაზებს.
ამ მიზნით, ბათუმში მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფასილიტატორების (ტრენერების) გადამზადების კურსზე. პროექტის საკონსულტაციო ჯგუფის, IREX-ის ტექნოლოგიების ექსპერტი მერი ბერნსი პროექტის მართვის ჯგუფისთვის და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებისთვის ატარებს ვორქშოფს.
ვორქშოფი მიზნად ისახავს მონაწილეებისთვის ონლაინ პროფესიული განვითარების სპეციფიკის გაცნობასა და ონლაინ პლატფორმაზე მუშაობის უნარების განვითარების ხელშეწყობას. ვორქშოფის შემდეგ, პროექტის მართვის ჯგუფი გააგრძელებლს მუშაობას ონლაინ ფასილიტატორების სერტიფიცირების კურსზე, რომელიც ფასილიტატორებს მასწავლებლებისთვის ონალაინ პროფესიული განვითარების მაღალი ხარისხით შეთავაზებაში დაეხმარება.
ონალინ პროფესიული განვითარების კურსები პროექტის ფარგლებში შემუშავებული ტრენინგმოდულების ბაზაზე მზადდება, თუმცა ფორმატიდან გამომდინარე უფრო მეტ ინოვაციურ, აქტიურ და თანამედროვე ინსტრუმენტს აერთიანებს.
ონლაინ კურსები პედაგოგებს მისცემს საშუალებას, მათთვის სასურველ დროს და ადგილას, ონლაინ რეჟიმში გაიარონ პროფესიული განვითარება. ონლიან ტრენინგი მასწავლებლებს პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებასთან ერთად, ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაშიც დაეხმარება.
„ონლაინ ტრენინგკურსები საუკეთესო საშუალებაა მასწავლებლებისთვის მათთვის ხელსაყრელ ადგლას და დროს შეასრულონ კურსის ფარგლებში დაგეგმილი პროფესიული განვითარების აქტივობები. პროფესიული კომპეტენციის ამაღლებასთან ერთად, ონლიან ფორმატში მუშაობა მასწავლებლებს ასევე დაეხმარებათ სწავლების პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების სარგებლის უკეთ დანახვაში და ტექნოლოგიების გამოყენების უნარის განვითარებაში“, განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ნატალია ედიშერაშვილმა.
პილოტირება გაიარა და დასრულებულია ზოგადპროფესიული უნარების კურსი. მიმდინარეობს მუშაობა საგნობრივი მოდულების ონლაინ ფორმატში გადაყვანაზე. კურსებზე მუშაობა დასრულდება 2019 წლის აპრილში და მალევე გახდება ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული მასწავლებლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
პირისპირ კურსების ონლაინ ფორმატში კონვერტირებას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემია ახორციელებს. 
მასალის გამოყენების პირობები






