გურამ კაშიას წინააღმდეგ აგრესიის მორიგი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების ლიდერი უეფა-ს გადაწყვეტილებით, Equal Game-ის ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. აღნიშნული ჯილდო იმ მოთამაშეს გადაეცემა, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობის, მრავალფეროვნებისა და ხელმისაწვდომობის პოპულარიზაციის კუთხით. ჯილდო გურამ კაშიას 30 აგვისტოს, მონაკოში უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრისას გადაეცემა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების გამორჩეული ფეხბურთელი და იმ დროისთვის არნემის ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია 2017 წლის ოქტომბერში ჩატარებულ მორიგ მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით წარსდგა. ამ ნაბიჯით ის შეუერთდა Stonewall-ის თანასწორობის კამპანიას, რომელიც ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვას ეძღვნება. აღნიშნულ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, გურამ კაშიას ნაკრებიდან გარიცხვა მოითხოვეს და ამ მიზნით რამდენიმე საპროტესტო აქცია ჩაატარეს.
კაშიას მიმართ აგრესიის კამპანიის პარალელურად #გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანიაც დაიწყო. ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტნის მხარდამჭერები ინსტაგრამის სთორიში გურამ კაშიას ფოტოს აქვეყნებენ ჰეშთეგით #გურამშენთანვართ და ნიშნავენ თავად გურამ კაშიასაც @37gk.






მასალის გამოყენების პირობები






