დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წითელას ვირუსთან დაკავშირებით რისკ ჯგუფებს ფეხმძიმეები და ბავშვები წარმოადგენენ.
იმნაძის თქმით, მიმდინარე წელს წითელას 1330 შემთხვევა დაფიქსირდა, მსგავსი მაღალი მაჩვენებლის მიზეზად, წინა წლებში აცრებზე დაბალი მიმართვიანობა სახელდება. ამ მხრივ კი, ყველაზე რთული მდგომარეობა უფროსი ასაკის, 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაშია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას მოუწოდებს, გაიკეთონ აცრები, რაც წითელას პრევენციის ერთადერთი საშუალებაა.
„წითელას ვირუსი ისეთია, რომ ჩამოივლის და მონახავს ყველას, ვინც არაიმუნურია. ეს მოხდა საქართველოში 2003-2004 წლებში, ეს მოხდა 2014-2015 წლებში და ახლაც არის წითელათი დაავადების შემთხვევების მატება ქვეყანაში. წელს წითელას 1 300-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული და ამ დაავადებით 2 ადამიანი გარდაიცვალა.
ეს არის იმის შედეგი, რომ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობის 10% არის არაიმუნური. ეს ნიშნავს იმას, რომ დაახლოებით 500 000 მოქალაქეს შეიძლება წითელა დაემართოს. წითელა მონახავს ყველას, რადგან ის ჰაერით ვრცელდება. საკმარისია, გვერდზე გაგიაროთ ადამიანმა, რომელსაც წითელა აქვს და თქვენ არ იყოთ იმუნური, რომ თქვენც დაგემართებათ.
ერთადერთი რაც წითელას გააჩერებს, არის აცრა. აცრები ყველასათვის ხელმისაწვდომია, ამიტომ მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ მიმართონ პოლიკლინიკებს თავიანთი საცხოვრებლის მიხედვით და გაიკეთონ აცრა.
გარკვეული ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ძირითადად რუსულენოვანი საიტებით იკვებებიან, სადაც ანტივაქცინალური კამპანიებია. ასევე არის დედების მცირე პროცენტი, რომლებიც აცრების საწინააღმდეგო კამპანიას ეწევიან, ერთმანეთს რაღაც საშინელებებს სწერენ, უზიარებენ საიდანღაც მოტანილ არამეცნიერულ აზრებს. სამწუხაროდ, ასეთი რამ ყველგან ხდება, მაგრამ რა დააშავა დედების იმ აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვისაც უნდა თავისი შვილი იყოს ჯანმრთელი და ბედნიერი.
მათ შიშს საფუძველი არ აქვს. ეს არის თანამედროვე ვაქცინები, მაქსიმალურად გაწმენდილი, მაღალი ეფექტით და გვერდითი მოვლენები, პრაქტიკულად, არ გააჩნია,"- განაცხადა იმნაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






