დღეს ადგილზე მისულ ბენეფიციარებს კი განუცხადეს, რომ ხვალიდან სასადილო ფუნქციონირებას წყვეტს, თუმცა სად შეძლებენ ისინი კვებას, ამაზე პასუხი არა აქვთ.
რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სამსახურის ხელმძღვანელს გურიაში, ნინო შეწირულს, ის სასადილოში აღმოჩენილ კრიტიკულ შეუსაბამობებზე საუბრობს:
"ეს იყო გეგმიური გადამოწმება. შევიდნენ ინსპექტორები და აღმოაჩინეს რამდენიმე კრიტიკული შეუსაბამობა. ეს ეხება როგორც სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დარღვევას, ასევე აღმოაჩინეს მღრღნელები, მწერები. არ ტარდებოდა სადეზინფექციო სამუშაოები. ინფრასტრუქტურული კუთხით, მათ ისედაც ჰქონდათ შენიშვნები მიცემული, თუმცა არაფერი არ გამოსწორებულა. ერთი თვის წინ, ჩვენ გავაფრთხილეთ სასადილოს ადმიანისტრაცია, რომ გამოსწორებულიყო ის ხარვეზები, რაზეც მითითებული გვქონდა, თუმცა არა თუ გამოსწორდა, არამედ უარესი სიტუაცია დაგხვდა, ამიტომ გადავწყვიტეთ დროებით შეგვეწყვიტა მისთვის ფუნქციონირება"- განაცხადა ნინო შეწირულმა.
სასადილოს ბენეფიციარები იმ გამოუვალ მდგომარეობაზე საუბრობენ, რაც უფასო სასადილოს თუნდაც დროებით დახურვით შეიძლება შეექმნათ.
რომან ჟღენტი: "ერთი პორცია საჭმელი და ნახევარი პური. ამას გვაძლევდნენ დღიურად. მე გოგო მყავს ქვრივი, ოთხი ობოლი ჰყავს. ისინი არიან სასადილოს ბენეფიციარები. რა უნდა ქნანა ახლა ამ ბავშვებმა? რითი გამოვკვებოთ? დღეს მივედით და პოვარი გვეუბნება, ხვალიდან ვიხურებითო. სხვა პასუხი არაფერი არ გვაქვს. ან სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ, რამდენი ხანი უნდა ვიტყოთ მშივრები"
მაია იაკობიძე: "სამი სული ვართ ოჯახში. აქედან 27 წლის ბიჭი და მეუღლე ავადმყოფები არიან. ვერ საუბრობენ, მეუღლე ყრუა და ეპილეფსია აქვს. რა გავაკეთოთ? ამით ვიყავით შიმშილით სიკვდილს გადარჩენილები. ხვალ, ზეგ რა ვქნათ?“
კითხვაზე, აქვს თუ არა მერიას შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებული, სად უნდა მოხდეს ამ ადამიანების გამოკვება, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე აცხადებს, რომ ამ საკითხზე ოპერატიულად მიიღებენ გადაწყვეტილებას:
"ამ წუთებშიც ვმუშაობთ მაგ საკითხზე. გვაქვს რამდენიმე გეგმა, როგორ მოვაგვაროთ ამ 170 ადამიანის პრობლემა. შევჩერდებით საუკეთესო ვარიანტზე, რომ ამ ადამინებს პრობლემები არ შეექმნათ"-განაცხადა მერის მოადგილემ.
ოზურგეთის უპოვართა სასადილოში დღეის მონაცემებით 170 ბენეფიციარი არის რეგისტრირებული. სასადილოს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 120 ათასი ლარი ერიცხება. თითო ბენეფიციარის ყოველდღიურად გამოკვება მერიას დაახლოებით 2 ლარი უჯდება.
მასალის გამოყენების პირობები






