თბილისში მშობიარე ქალის გარდაცვალების ფაქტი - ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში ოფიციალური განმარტება გაკეთდა.
სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ 35 წლის ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს, მას 4 ლიტრი სისხლი ჰქონდა დაკარგული.
„შპს “ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი - ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში პაციენტი საოპერაციო ბლოკში იქნა აყვანილი, ჩატარდა ოპერაცია, ინტრაოპერაციულად მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი, მშობიარობის შედეგად გამოწვეული საშვილოსნოს გახევა. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, პაციენტი გარდაიცვალა.
35 წლის პაციენტმა შპს “ნინოს” 10 აგვისტოს 15:00 საათზე მიმართა, 19:45 წუთზე ფიზიოლოგიურად იმშობიარა, რაც კლინიკის ფორმა 100-შიც დაფიქსირებულია, 22:00 საათზე დაუფიქსირდა დაბალი წნევა და საერთო სისუსტე და ღუდუშაურის კლინიკაში 00:35 წუთზე კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს“, - განაცხადა თათა ქაჩიბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






