"დღეში 16 საათი ვმეცადინეობდი ტირილით დამირეკავს დედაჩემთან, რომ მეტი აღარ შემეძლო" - შრი-ლანკაში მოღვაწე წარმატებული ქართველის საოცარი ისტორია
საზოგადოება - 15:56, 08 Aug, 2018     10040
სოციალური პროექტი "ქალები საქართველოდან" წარმოგიდგენთ ეთერ კვინიტრაძის ისტორიას.

ეთერ კვინტრაძე, 43 წლის, თბილისი, ამჟამად ცხოვრობს კოლომბო, შრი-ლანკაში

ორი კაცი

„მამაჩემმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ჩამოყალიბებაში. ის იყო მთავარი მოტივატორი - მან შთამაგონა რომ ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, პირველ რიგში, ჩემი პასუხისმგებლობაა და, თუ მოვინდომებ და ბევრს ვიმუშვებ, აუცილებლად გამომივა. მასზე საუბარი ჩემთვის ძალიან რთულია. უბრალოდ ვიტყვი, რომ, ასე მგონია, თავისი შეხედულებებით თავის დროს წინ უსწრებდა. ოჯახში ორი და ვართ. ბავშვობიდან გვექცეოდა ისე, როგორც ასაკით და სტატუსით მის თანასწორებს, აინტერესებდა ჩვენი აზრი და დებატებშიც გვიწვევდა პატარა ბავშვებს. ალბათ უცნაურად ჩანდა მისი ასაკის და გამოცდილების ადამიანი ბავშვთან დებატებზე დროს და ენერგიას რომ ხარჯავდა. უკვე დიდობაში მივხვდი, ეს თავდაჯერებულობა და სითამამე რომ თავისუფლად ესაუბრო სხვა სქესის, შენზე უფროსი ასაკის, და მაღალი სტატუსის მქონე ადამიანებს თანასწორი პოზიციიდან, საკუთარი აზრი ჩამოაყალიბო, გასაგებად გადმოსცე და დაიცვა, ყველას არ ქონდა. ხანდახან მიგრძვნია გაკვირვებული მზერა - ახალგაზრდა ქალისგან თამამად პოზიციის გამოხატვა და თავდაჯერებული საუბარი გაკვირვებიათ.

ჩემმა ქმარმა დიდი როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. პირველ კურსზე ვიყავი, რომ გავთხოვდი და 20 წლისას შვილი მყავდა. პრაქტიკულად მთელი სტუდენტობა და პროფესიული ცხოვრების ჩამოყალიბების პროცესი ერთად გავატარეთ. ერთი პროფესია გვაქვს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩემი ქმარი იყო ჩემი მხარდამჭერიც და, შეიძლება ითქვას, ჩემი სადოქტორო ხარისხის განათლების მიღების ინიციატორიც. ორივე სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხიც ამერიკაში დავიცავი. ბებიაჩემს თუ კითხვები ებადებოდა, უკვე ქმარ-შვილიანი ქალი მარტო რატომ უნდა წავსულიყავი რაღაც პერიოდით მაინც ამერიკაში სასწავლებლად და ამაზე ხალხი რას იტყოდა, არც ჩემს ქმარს და არც მამაჩემს ეს ფაქტორები არ აინტერესებდათ. პირიქით, ეამაყებოდათ ჩემი წინსვლა.

განათლება

1991-ში თბილისში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე. მათემატიკის ცოდნა აუცილებელი იყო. კლასში, აბიტურიენტობის პერიოდში მგონი ორი გოგო ვიყავით მხოლოდ, ვინც მათემატიკაში ვემზადებოდით, უმეტესობა ჰუმანიტარული მიმართულებით წავიდა - მაშინ ჰუმანიტარული სკოლები ახალი გახსნილი იყო.

იმ პერიოდში ეკონომისტის ახალი პროფესია იქმნდებოდა - პირველი ჯგუფი ვიყავით რომელმაც აღარ ისწავლა გეგმიური ეკონომიკა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დაუფლება დაიწყო. უნივერსიტეტში გადაქსეროქსებული წიგნებით ვწავლობდით და ორი ახალგაზრდა ლექტორი გვყავდა, საზღვარგარეთ მიღებული პრაქტიკით, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო ეკონომიკის საფუძვლებს გვასწავლიდნენ.

ჩემს პირველ სამსახურში ძალიან გამიმართლა - სწორ ადგილას სწორ დროს მოვხვდი. ახალკურსდამთავრებულმა გასაუბრება გავიარე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისში ეკონომისტის პოზიციაზე. მუქ კოსტიუმში გამოწყობილმა უცხოელმა ჩამიტარა ინტერვიუ, საგადამხდელო ბალანსზე და გაცვლით კურსზე დამისვა შეკითხვები. ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ასეთი სერიოზული ხალხი ამ პატარა გოგოს მაინც არ მიმიღებენ სამსახურში, ზედმეტად არ ვინერვიულებ და საინტერესო საუბარი მაინც გამომივა-მეთქი. მან სამსახურში ამიყვანა და უკვე დიდი ხნის მეგობრებიც ვართ. წლების შემდეგ ვკითხე, რატომ შემომთავაზა სამსახური და მითხრა, ერთადერთი ადამიანი იყავი გამოკითხულებში, რომელსაც ესმოდა საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებიო.

სავალუტო ფონდი აქტიურად იყო ჩართული იმდროინდელ ეკონომიკურ რეფორმებში და შიგნიდან ვხედავდი ეს პროცესები ქვეყანაში როგორ მიმდინარეობდა. ურთიერთობა გვქონდა მაღალი რანგის საერთაშორისო ეკონომისტებთან. იმდენად საინტერესო ხალხი იყო თავისი გამოცდილებით, განათლებითა და ფილოსოფიით, მათთან საუბარი უკვე რაღაცის აღმოჩენა იყო ჩემთვის. მერე მოტივაციაც გაჩნდა, რომ მოდი მეც ვისწავლი, თურმე რამდენი რამ არ მცოდნია...

1998 წელს სამაგისტრო პროგრამაზე შევიტანე განაცხადი და მივიღე ამერიკაში ვილიამსის კოლეჯში მაგისტრატურაზე სწავლის Muskie სტიპენდია. ვისწავლე, დავბრუნდი საქართველოში, ვიმუშავე მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ვალების გადავადებაზე და 2001 წელს სადოქტორო პროგრამაზე გავაკეთე განაცხადი და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მივიღე ისევ Muskie სტიპენდია. ორივე პროგრამაზე ჩემი ქმარი და შვილი 3-4 თვეში ამერიკაში შემომიერთდნენ.

სადოქტორო ხარისხის დაცვა ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ასე მეგონა პირველი 2 წელიწადი ციხეში ვიყავი, სადაც გამალებით ვსწავლობდი მათემატიკურ მეთოდებს ეკონომიკაში. ჯგუფში 25 ადამიანი ვიყავით თავიდან და 2 წლის შემდეგ გამოცდებს მხოლოდ 7 კაცი გადავურჩით, რომლებსაც სადოქტორო ხარისხის დაცვაზე ნება დაგვრთეს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უდიდესი მხარდაჭერა მქონდა ჩემი ქმრისგან. შეუძლებელი იყო სხვა მოვალეობების ქონა ჩემი სწავლის რეჟიმთან - დღეში 16 საათი ვმეცადინეობდი ხან უნივერსიტეტში, ხან ბიბლიოთეკაში, ხან სახლში. ბავშვის სკოლა, მეცადინეობა, მოვლა, მთლიანად ჩემი ქმრის პასუხისმგებლობა იყო. მქონია ისეთი პერიოდი, როცა ტირილით დამირეკავს დედაჩემთან, რომ მეტი აღარ შემეძლო და მეტს ვეღარ გავუძლებდი. დედაჩემიც მეთანხმებოდა, ჰო, დედიკო წამოდი, აბა რა გინდა მანდო. მერე მამაჩემი გამოართმევდა ყურმილს და რატომ მოდიხარო მკითხავდა... კითხვის ნიშანი არასდროს დაუსვია არც მამას და არც ჩემს ქმარს, რომ მე რაღაცას ვერ შევძლებდი. ნელ-ნელა მძიმე პერიოდები გადავლახეთ და 2 წლის მერე ისეთი თავისუფლება ვიგრძენი, რომელიც მხოლოდ დიდი წნეხის მოხსნისას შეიძლება იგრძნო.

კარიერა

სადოქტორო ხარისხის დაცვის პარალელურად ვაშინგტონში მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩევლის თანამდებობაზე დავიწყე მუშაობა 2004-ში. საქართველოს თემებზე ვმუშაობდი, მაშინდელი ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობაზე. 2006-ში კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვაშინგტონის სათაო ოფისში დავიწყე მუშაობა. ახლა ვარ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი შრი-ლანკასა და მალდივებში - კოლომბოში ვცხოვრობთ ბოლო 4 წელია. მანამდე ვიყავი სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომაგდენელი ბანგლადეშში.

ახლანდელ სამსახურში ჩემი ფუნქცია ისაა რომ სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას, რისკებს და შესაძლებლობებს ვაფასებთ და ვეხმარებით მათ ეკონომიკური რეფორმების გატარებაში. თანამდებობის შემოთავაზებები პერიოდულად მქონდა საქართველოდან, მაგრამ ვერ მივიღე გადაწყვეტილება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამოაზრე და პროფესიულად ერთ ტალღაზე მყოფ ადამიანებთან ერთად აკეთო განვითარებაზე ორიენტირებული საქმე. მარტო ის, რომ მე მოვედი და მომწონს ეს თანამდებობა და თანმდევი ძალაუფლება, ჩემთვის არასაკმარისი მოტივაციაა. სულ ეს მომენტი მქონდა - მე ერთი ადამიანი ამ სისტემაში როგორ შეიძლება ჩავჯდე, მეგონა უფრო მეტ გაუგებრობას ექნებოდა ადგილი, ვიდრე ცვლილებებისთვის ხელშეწყობას. ამიტომ ვერც ერთ შეთავაზებას ვერ დავთანხმდი.

ძალაუფლება და პრივილეგია

სხვადასხვა ქვეყნებში მუშოაბიდან დაკვირვებით, ჩემი აზრით ძალაუფლების მქონე ადამიანები ყველა ქვეყანაში მეტნაკლებად ერთნაირები არიან. ძალაუფლება თითქოს ერთნაირად აყალიბებს ამ ადამიანებს, მით უმეტეს სისტემებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ ვითარდება და კრიტიკულ ჭრილში საკუთარი საქმიანობის დანახვა სამუშაო პროცესის ნაწილი არ არის. ვფიქრობ, კაცებს უფრო მეტი მიდრეკილება აქვთ ძალაუფლების მიმართ, უფრო ადვილად ხდებიან ძალაუფლების მსხვერპლიც. კაცები თვლიან, რომ მათ ბუნებრივად ერგოთ ის პრივილეგია, რომ ისინი იყვნენ მმართველები. დაკვირვებული ვარ, რომ როცა თანამდებობის პირი ხდები, შენს მიმართ დამოკიდებულებაც იცვლება. უცებ ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად გეპირფერებიან. თავიდან გეხამუშება და გიკვირს, დროის განმავლობაში ბევრჯერ რომ გაგიმეორებენ, შენც ნელ-ნელა იჯერებ შენს ყოვლისშემძლეობას და განსაკუთრებულობას. მერე გემართება ის, რაც უმეტეს ძალაუფლების მქონე ადამიანს - უკვე აღარ მოგწონს, ფილტრავ იმ ხალხს, რომელიც კრიტიკით გიდგება და ექცევი ამ ვაკუუმში, სადაც მარტო იმას გეუბრნებიან, რისი გაგონებაც გინდა.

ქალები ძალაუფლების ტყვეობაში ბოლომდე ვერ ექცევიან, მათ ხშირად დედების, დების, ცოლების როლები აქვთ მორგებული. გარემოს რეალური აღქმა ამ ყოველდღიური ფუნქციების შესრულებისთვის აუცილებელია. ასე მგონია, ქალებს ძალაუფლებასთან ურთიერთობების დაბალანსებისას მეტი ძალისხმევა ჭირდებათ. გარშემომყოფებს ხშირად უფრო დაბალი მოლოდინი აქვთ ქალის კომპეტენციისადმი. ბევრი გამეორებით და მოთმინებით ეს სტერეოტიპი შეიძლება რომ გადაილახოს, მაგრამ დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა მართო, არ შეაშინო, დისკომფორტი არ შეუქმნა გარშემომყოფებს ამ მოლოდინების გადაფასებაში.

სოლიდარობა

ბანგლადეში 160 მილიონიანი მუსულმანური ქვეყანაა, მაღალი სიმჭირდოვეა მოსახლეობის და ყველა პრობლემა უფრო კონცენტრირებულია. ქალებს აქ ყოველდღიური ბრძოლა უწევთ გადაადგილებისთვის, შრომისთვის, არსებობის უფლებისთვის. მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შესაძლებლობის მიცემა. მთავარია მიეცეთ შესაძლებლობა და თავის მაქსიმუმს აკეთებენ, იმიტომ რომ მათ არ აქვთ პრივილეგია იყვნენ უპირატესნი. ამიტომ უკიდურესი პასუხისმგებლობით და დისციპლინით ეკიდებიან თავის საქმეს. მიხარია, რომ მე როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ინტერვიუების დროს სწორედ ქალებს მივანიჭე უპირატესობა და არც შევმცდარვარ. ბანგლადეშის ოფისი რომ დავტოვე, ძირითადად ქალები მუშაობდნენ, რომლებსაც მიეცათ რეალიზაციის შესაძლებლობა და ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ოფისი იყო მთელს აზიაში.

ცოდნის გადაცემა

ახალგაზრდებთან მუშაობა, მათთვის შესაძლებლობების მიცემა და ცოდნის გადაცემა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგისტრატურის დამთავრებისთანავე აქტიურად ჩავერთე ვილიამსის კოლეჯში ქართველი სტუდენტების შერჩევის პროცესში. ძალიან მინდოდა რომ სხვებსაც ქონოდათ იგივე გამოცდილება რაც მე. მიხარია რომ ბოლო 18 წელია, ყოველწლირად 1-2 ქართველი სტუდენტი ყოველთვის არის ვილიამსის სამაგისტრო პროგრამაზე.

11 წლის წინ თანამოაზრეების ჯგუფმა ეკონომიკური სკოლა დავაფუძნეთ საქართველოში. ეს სკოლა ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას მიიღოს თანამედროვე ეკონომიკური განათლება. მიხარია, რომ ამ სკოლაში ქალების და კაცები თითქმის თანაფარდობითი წარმომადგენლობაა. წელს გოგო გვყავდა ყველაზე ძლიერი სკოლაში. ჩვენს სტუდენტებს კარგი რეპუტაცია აქვთ, პროფესიულად წარმატებულები არიან საქართველოში და ქვეყნის გარეთაც.

ზღვრები

შესაძლებლობის ზღვარი რეალურად არ არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენს გონებაშია - ვიღაცამ შექმნა, ჩაგვინერგა, დაგვაჯერა, კულტურამ დააწესა. შესაბამისად, ეს ზღვრები გადალახვადია - მთავარია გჯეროდეს, რომ ეს ასეა და მთავარია შეგიწყონ ხელი ადამიანებმა, ვინც ასევე უნდა დაიჯერონ რომ ეს ასეა.

ავტორი: მაიკო ჩიტაია, ფოტო: სოფო აფციაური





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42