„დღესდღეობით, აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს ათობით აბსოლუტურად უკონტროლო და არალეგალური მედრესე, რომელიც საზოგადოებაში თურქული პანსიონების სახელით არის ცნობილი, სადაც განათლებას 800-ზე მეტი ბავშვი იღებს....ამ ბავშვების მშობლები, რომელთა 80%-ზე მეტი ღატაკია, მიმართავენ ადგილობრივ რელიგიურ ლიდერს და სთხოვენ მას ბავშვები ასეთი პანსიონების მზრუნველობის ქვეშ აიყვანოს, რადგან არ შეუძლიათ თავად უზრუნველყონ შვილები სამოსით, საკვებით თუ სხვა ყოველდღიური მოხმარების საგნებით“, - ნათქვამია მიმართვაში.
ჩერნოვეცკის ფონდის ინფორმაციით, „თურქულ პანსიონებს“ ლიცენზია არ გააჩნიათ და ყველა მათგანი მოქმედებს მკაცრ რელიგიურ საწყისებზე. იქ ირღვევა ბავშვის უფლებები, რადგან აღსაზრდელებს არ აქვთ თავისუფლად ცხოვრების და ჩაცმის უფლება, არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან, ხოლო მშობლების მონახულება 2 კვირაში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ.
ჩერნოვეცკის ფონდი მზადაა სახელმწიფოს კონტროლითა და მეთვალყურეობით დააფუძნოს ლიცენზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები, რომლებიც კონკურენციას გაუწევენ უკვე არსებულ უკონტროლო მედრესე-პანსიონებს.
„ჩვენ მზად ვართ საერთო ძალებით ავაშენოთ მაღალმთიან აჭარაში ლიცენზირებული მცირე საოჯახო ტიპის სახლები და გავუწიოთ კონკურენცია იქ არსებულ „თურქულ პანსიონებს“. ჩვენ მზად ვართ დავაფინანსოთ იმდენი მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რამდენიც საჭიროა პრობლემის მოსაგვარებლად“, - ნათქვამია მიმართვაში.
გთავაზობთ მიმართვის სრულ ტექსტს:
მოცემული დოკუმენტი გახლავთ ჩერნოვეცკის ფონდის მიერ გაკეთებული შეთავაზება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი, რომელიც ეხება ახალი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების დაფუძნებას, რათა გადავარჩინოთ აჭარის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მშიერი ბავშვები და ის პატარები, რომლებიც იმყოფებიან ულიცენზიო ბავშვთა სახლების(პანსიონების) მზრუნველობის ქვეშ. ეს პანსიონები საზოგადოებაში „თურქული პანსიონების“ სახელით არის ცნობილი.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ სტრატეგიის დამტკიცების შემთხვევაში, გადაიდგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბავშვებისა და ქვეყნის ინტერესების საკეთილდღეოდ.
ამ ინიციატივით ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს: ჩვენ მზად ვართ სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ სახელმწიფოსთან ერთად და გადავჭრათ ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრობლემა, ვინაიდან იგი ეხება არა მხოლოდ კანონის აღსრულებას, არამედ მომავალი თაობების, ამ ქვეყნის მოქალაქეების სწორ აღზრდას, რათა ისინი იზრდებოდნენ თანამედროვე ევროპულ საცხოვრებელ პირობებში, იზრდებოდნენ ეროვნულ საწყისებზე და მათი აღზრდით დაკავებულნი იყვნენ სამინისტროს მიერ შემოწმებული და ლიცენზირებული აღმზრდელები.
მასალის გამოყენების პირობები






