ლისის ტბაზე მდებარე ბიტკოინების დატა ცენტრში კრიმინალური პოლიცია შევიდა, უკვე ოთხი საათია ფერმები, სადაც კრიპტოვალუტის გამომუშავება ხდება, გათიშუია. სამარტალდამცავებმა დატა ცენტრიდან ამოიღეს მთელი ტექნიკური მოწყობილობა და მოხდა სისტემების დემონტაჟი.
კრიმინალური პოლიციის შესვლას, წინ უძღოდა შეიარაღებული თავდასხმა, მისი მფლობელი, გიორგი სოზაშვილი სროლის დროს სასერვეროში იმყოფებოდა.
ადგილიდან სამართალდამცავებმა წაიღეს ეგრეთ წოდებული დატა ცენტრი, რომელიც მისი მფლობელის თქმით დაახლოებით მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების არის.
ნაფეტვრებზე 5 ივლისს მომხდარ თავდასხმასთან დაკავშრებით "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარზე ცხელ კვალზე დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და დადგინდა დანაშაულში მონაწილე პირების ვინაობა:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 5 ივლისს თბილისში, სოფელ ნაფეტვრებში მომხდარ ყაჩაღობაში მონაწილე პირების ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს. 1983 წელს დაბადებულ გ.გ.-ს, 1983 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ნ.ნ.-ს ბრალი წარედგინათ ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე. სამივე პირს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდინარე წლის 27 ივლისის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მათზე ძებნა გამოცხადდა.
ამ დროისთვის, სამართალდამცველები ბრალდებულების ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს გ.გ.-მ, გ.ბ.-მ და ნ.ნ.-მ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თბილისში, სოფელ ნაფეტვრებში, ტყის მასივში გაჩერებული, ერთ-ერთი მოქალაქის - გ.ს.-ს კუთვნილი ავტობუსის დაყაჩაღება სცადეს, რა დროსაც მან თავდამსხმელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია. ორმხრივი სროლისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაჭრა გ.ს.-ს დაცვის თანამშრომელი ნ.ბ., რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს"
მასალის გამოყენების პირობები






