ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ სიმსივნური დაავადებები ზრდის ტენდენციით ხასიადება, თუმცა ამბობენ, რომ მონაცემებში ამ მასშტაბის ცვლილებები მეტწილად დაავადებათა რეგისტრაციის გაუმჯობესებას უკავშირდება. მაგალითად, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოში გამოგზავნილი რეპორტები, სადაც "ჯანმო" მიუთითებდა, რომ ქართული მხარის მიერ აღრიცხული მონაცემები არაზუსტია. ორგანიზაციის გამოთვლებით, ჩვენს ქვეყანაში ყოველწლიურად 12 ათასამდე კიბოს ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა, ნაცვლად 7 ათასისა. 2015 წელს სერგენკოს უწყებამ მონაცემთა მოპოვების მეთოდოლოგია შეცვალა. შეიქმნა ე.წ. კიბოს რეესტრი. ყველა სამედიცინო დაწესებულება, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზი ისმება, ვალდებულია თითოეული შემთხვევა კიბოს რეესტრში დააფიქსიროს. ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს მიუახლოვდა და აღმოჩნდა, რომ კიბოს რელაური სტატისტიკა წელიწადში 10 ათასს შემთხვევას აჭარბებს.
ამ მონაცემების ანალიზის შედეგად მეტ-ნაკლებად დადგენილია მაღალი რისკის ზონები. იყო ვარაუდი, რომ გეოგრაფიული განაწილების მხრივ ონკოლოგიური დაავადებების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდუსტრიულ ზონებში დაფიქსირდებოდა, თუმცა კვლევის შედეგად ეს ვარაუდი არ გამართლდა. ე.წ. კლასტერიზაციით, ანუ მაღალი სიხშირის სიმჭიდროვით პირველ ადგილზეა თბილისი, მეორე ადგილზე - იმერეთი, მესამეზე - აჭარა, მეოთხეზე - სამეგრელო-ზემო სვანეთი, მეხუთეზე - ქვემო ქართლი.
ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა "პრაიმტაიმთან" საუბრისას ამბობს, რომ ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მონაცემები სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. სტურუა იმ მიზეზებსაც განმარტავს, თუ რატომ გაიზარდა კიბოს ხვედრითი წილი სიკდვილიანობის საერთო სტატისტიკაში.
ლელა სტურუა, არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი:
- სტატისტიკურად, რა თქმა უნდა, არის ავადობის მატება, თუმცა ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ დაიწყო ფუნქციონირება კიბოს პოპულაციურმა რეესტრმა, ანუ მოხდა ბევრად მეტი შემთხვევის აღირცხვა, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. აქამდე შემთხვევების დიდი მასივი იკარგებოდა და სისტემაში ვერ ექცეოდა. ავადობა არის გაზრდილი და შესაბამისად, გარკვეულწილად გაზრდილია სიკვდიალიანობაც, თუმცა წინა წლებში სიკდვილის შედეგების დარეგისტრირების დროს 54 პროცენტში მითითებული იყო "უცნობი მიზეზი". დღეს "უცნობი მიზეზის" წილი შემცირებულია და ფიქსირდება 30 პროცენტი, რაც ასევე ძალიან მაღალია. შემცირება გამოიწვია იმან, რომ ახლა უფრო ზუსტად ხდება დოკუმენტაციის წარმოება გარდაცვალების დროს და თიოთოეულ შემთხვევას ენიჭება შესაბამისი კოდი. ანუ უცნობი მიზეზიდან გარკვეული პროცენტები გადანაწილდა უკვე კონკრეტულ დაავადებებზე, მათ შორის სიმსივნურ დაავადებებზე, გულსისხძარვღვთა დაავადებებზე, დიაბეტზე, რამაც გამოიწვია ამ მიზეზებით სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება და უცნობი მიზეზის კლება. ანუ გარკვეულწილად სტატისტიკური ციფრების მატება დაკავშირებულია რეგისტრაციის გაუმჯობესებასთან, როგორც ავადობის ახალი შემთხვევების, ისე გარდაცვალების მიზეზის დარეგისტრირების მხრივ. თუმცა უნდა ითქვას, რომ კიბოთი ავადობის მაჩვენებელი, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მზარდია. მსოფლიოში სიკვდილიანობის 20 პროცენტი სწორედ კიბოზე მოდის, შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის გლობალური საკითხი.
სტატია სრულად იხილეთ: primetime.ge - ზე
მასალის გამოყენების პირობები






