სოციალურ ქსელში ბუბა კუდავა ომში წასული დიდი ბაბუების ისტროას იხსენებს.
"ბაბუაჩემის სამი ძმა ომში წაიყვანეს. სულ ახალგაზრდები, უცოლოები...
ალიოშა, ღოღო, კოლია.
ბაბუა სკოლის დირექტორი იყო და ამან იხსნა გაწვევისაგან. და ამ ჯავშანმა იხსნა ჩვენი შტო გადაშენებისაგან.
ამ უმცროსი ძმებიდან უფროსი, ალიოშა, დიდი ვინმე ყოფილა. აი, იშვიათად რომ იბადებიან, ისეთი ვინმე. მისი მოუგვარებელი და მოუკვარახჭინებელი რომ არაფერი იყო და არსად და არასოდეს რომ არ დაიკარგებოდა, აი ისეთი. მკვირცხლი, ცოცხალი და დიდი „შანსიანი“, როგორც ჩემი გამეგრელებული კახელი ბებია იტყოდა ხოლმე.
წასვლის წინ დედას „ამშვიდებდა“ თურმე: დედა, ნუ გეშინია, ერთი კაცი რომ დაბრუნდეს ომიდან, ის ერთი მე ვიქნებიო.
სამივე დაიღუპა. თუ „დაიკარგა“.
აღარ მახსოვს, როგორ მიყვებოდა ბებიაჩემი, ალიოშას დაღუპვის ცნობა მოვიდა თუ არ მოვიდა, მაგრამ ის კი კარგად მაგონდება – ბაბუაშენი სულ ამბობდა, ის ისეთი იყო, აუცილებლად გადარჩებოდაო. არ დაიკარგებოდაო და სადღაც იქნებაო. ისეთი ხვითო იყოო...
ბაბუას არ მოვსწრებივარ, მაგრამ გაგონილ-მონაყოლის წყალობით, დღემდე ჭკვიანი, მოხერხებული, გამჭრიახი და „შანსიანი“ ადამიანის ეტალონია ჩემთვის. აი, მისთვის კი ასეთი ეტალონი ალიოშა ყოფილა – უმცროს ძმებში უფროსი. ის ისეთი იშვიათი ვინმე იყო, არას დიდებით არ დაიკარგებოდაო – ვინ იცის, უკვე მერამდენედ უმეორებდა გვიანშერთულ მეუღლეს. თითქოს ანდერძს უბარებდა – ჩემი სიკვდილის მერე აუცილებლად გამოჩნდებაო... ბებიაჩემი კი მე მიყვებოდა, ასევე ვინ იცის, მერამდენედ...
დედა, ერთი კაცი რომ დაბრუნდეს ომიდან, ის ერთი მე ვიქნებიო...
ბავშვობაში და მერეც, ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ ჭიშკარს შემოაღებდა წელში მოხრილი, ტანმორჩილი მოხუცი (დაბალი ყოფილა), დინჯად გამოივლიდა გრძელ და სწორ ეზოს და ღიმილით გვეტყოდა, დავბრუნდიო... ან ვინმე მოვიდოდა და ალიოშას შვილად თუ შვილიშვილად გაგვეცნობოდა. ჩვენ კი გადავეხვეოდით, ჩავიხუტებდით და მათ კუთვნილ მიწას, ჩემი დიდი ბაბუისგან რომ ერგებოდათ, ახლა კი მამაჩემს დარჩენია, კვლავ მათ დავუბრუნებდით.
ალექსანდრე (ალიოშა) კუდავა...
დღეს ნაგვაზაოში მის ნასახლარზე ჩვენი სახლი დგას.
ხშირად გამახსენდება ხოლმე.
აი ისე, თითქოს მისი ვალი მაქვს. მარტო სახლი და მიწა კი არა, მისი ხშირი გახსენების ვალიც მაქვს.
სულ ახლახან ფიქრს შევყევი. იმაზე ვიფიქრე, მერე იმაზე, მერე იმაზე, იმაზე ის გამახსენდა, იმაზე ის და ასე მივადექი ალიოშას, უკვე მერამდენედ...
ომიდან არავინ რომ არ დაბრუნებულიყო, მხოლოდ ის რომ დაბრუნდებოდა, აი ის. და რომ ვერ დაბრუნდა, ის ალიოშა... " - წერს კუდავა.
მასალის გამოყენების პირობები






