ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის მისამართით საკრებულოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მამუკა ბალიაშვილი სოციალურ ქსელში ძალადობრივი შინაარსის კომენტარს წერს:
"თავიც რომ გაუტეხონ და ცოტა ხნით ეთერებში თავისი ბოტოქსებით ვერ ვნახოთ, ურიგო არ იქნება."
ბალიაშვილმა ეს კომენტარი ჯანგირშვილის მეგობრის "ფეისბუქ პოსტზე" დატოვა. ჯანგირაშვილი საკრებულოს სახელდების კომისიის აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს.
„თუ საკრებულო თვლის, რომ ეს განცხადებები და პოზიცია არის მიუღებელი ჟურნალისტისთვის თავის გატეხვა და ძალადობა, მაშინ რაღაცნაირად ეს უნდა დააფიქსიროს და გამოხატოს. ის უნდა მოხსნან თანამდებობიდან“- ამბობს ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი. ბალიაშვილის გათავისუფლებას ითხოვს საკრებულოს ოპოზიცია.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარეს განცხადებით უკვე მიმართა.
„დაქირავებული საჯარო მოხელე თავს ესხმის დამქირავებელს, აყენებს შეურაცხყოფას, წახალისება ხდება ძალადობრივი ენის, სიძულვილის ენის და ამ დროს ის მზად არის, რომ მის დამქირავებელს თავიც გაუტეხონ და ამაზე საჯაროდ საუბრობს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უკვე არის საფუძველი იმის, რომ საკრებულომ და საკრებულოს აპარატმა ამ ადამიანს, კონკრეტულად, მამუკა ბალიაშვილს შეუჩეროს უფლებამოსილება და ის დათხოვნილი იქნას თანამდებობიდან. თუ ამას არ გააკეთებს საკრებულოს თავმჯდომარე და აპარატის ხელმძღვანელი, მაშინ ისინი ანუ იზიარებენ იმ პათოსს, რასაც ეს ადამიანი საჯაროდ წერდა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






