"სადარბაზოში შევედი თუ არა, შარდის და კიდევ რაღაცეების მძიმე სუნი მეცა. მეორე სართულის ასასვლელში შავი ძაღლი იწვა. უკან დავიხიე, მაგრამ ფეხს ილოკავდა და ზედაც არ შემომხედა. მეორე სართულის დერეფანში ორ ქალს გავესაუბრე. ვუთხარი, რომ რამდენიმე დღეში მათთან მისვლა და პატარა ვიდეოს გადაღება მინდა. 10 წლის წინანდელი ამბების გახსენება და დღევანდელი ყოფაც მაინტერესებს.- რომ გადაიღებ მერე ჩვენ რაო, პატრონი არავინ არის და არც არავის ვახსენდებით ბოლო წლებიაო.- მეუბნება პლასტმასის ფეხიანი ქალი. ნამდვილი ფეხი დაბომბილი სახლის ნანგრევებში დაკარგა. -ვუხსნი, რომ ჟურნალისტი ვარ, მათი ამბის მოყოლა მინდა და სხვა ვერაფრით დავეხმარები, იმიტომ რომ ხელისუფლებაში არ ვარ. მაინც მეუბნება გადაიღებ და მერე ჩვენ რაო. კიბეზე ჭაღარა, გალეული მამაკაცი ამოდის. 60 წლამდე იქნება. ნასვამია. გამომკითხა ვინ ვარ და რა მინდა. ჩემს ოთახში შემოდიო. გავყევი. ფანერის კარი რამდენიმე ადგილას გახეულია, შუქის ჩამრთველს მიწვა, ნათურა არ ანთებულა, რამდენიმე წელია შუქი არ მაქვსო. ვერ ვიხდიო. სოციალური შემწეობის 60 ლარი არ მყოფნისო. აულაგებელ ლოგინზე ჩამოჯდა. ტანსაცმელი და რაღაცა ნაჭრები აქეთ- იქით იყო მიყრილი. კედლიდან ქალის სურათი გვიმზერდა, მეუღლე 2009 ში ინსულტით დაიღუპაო, ომის მერე სულ ავადმყოფობდაო. ჩემი სახლის კარი არ იკეტება, სულ ესეაო-გულღიად მითხრა და არეულ ჭუჭყიან ოთახში ხელით წრე მოხაზა გაცრეცილმა, ჭაღარა კაცმა. ჯიბიდან ასტრა ამოიღო და მომაწოდა. მოწიეო. ინსტიქტურად მარლბორო ამოვიღე, რაღაცნაირად შემრცხვა. რამდენიმე ღერი მაგიდაზე დავაწყვე . მერე ეს მოწიე მეთქი. ერთად გავაბოლეთ, მე ფილტრიანი, მან უფილტრო. მაგიდაზე მიმოვიხედე შუაზე გაჭრილი პატარა მწვანე ვაშლი, ერთი ჭუჭყიანი ჭიქა და რომელიღაცა ლუდის ცარიელი ბოთლი იდგა. -ამ ნახევარი ვაშლის მეტი დღეს არაფერი მიჭამია, სამი ჭიქა ღვინო გარეთ დავლიე და მშიერს უცბად მომეკიდაო-მებოდიშებოდა. არა უშავს მეთქი - გავამხნევე. კიდევ ერთხელ მოვუყევი რის გადაღებას ვგეგმავ რამდენიმე დღეში. -ეჰ, ჩემო ძმაო ამდენი ხანია მაგ მოგონებებით ვცხოვრობო-თქვა და მარცხენა თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა. ხელები გადმოშალა, დაკოჟრილი და გაშავებული იყო, მხრები აზიდა და ... - ამ ხელებით ნანგრევებიდან 5 მკვდრის ნაწილები ამოვიღეო, მერე ფანჯრიდან გამახედა, ნაძვი დამანახა, - იმ ნაძვის ძირში დავმარხეო. მოგვიანებით ეს ადამიანების ეს ნაწილები ტინისხიდში გადაასვენესო. ღრმა ნაფაზი დაარტყა.- ბოდიში ვერაფრით გიმასპინძლდები, ნახევარი ვაშლის მეტი არაფერი მაქვსო. ვგრძნობდი როგორ ვიგრუზებოდი, რაღაცა ზევიდან მაწვებოდა თავზე. იქ ყოფნა აღარ მინდოდა.- წინა დღეს დავრეკავ ჩასაწერად ვიდრე მოვალ და გთხოვ არ დალიო მეთქი. ხელები გაასავსავა- არა რას ამბობო. თავში აზრი მიტრიალებდა. მარჯვენა ჯიბეზე ორჯერ მოვისვი ხელი. გავაკეთო თუ არა, გავაკეთო თუ არა? გავაკეთე. რამდენიმე ლარი ამოვიღე და ჭიქის ქვეშ ამოვდე. დამინახა და ხელები დამიჭირა. -არ მინდა რას აკეთებო. -უბრალოდ პური იყიდე მეთქი. ხელები გამიშვა. ფული ჭიქის ქვეშ დარჩა. შიგნიდან ხმა მეძახდა. ინტერვიუში ფულს არ ვიხდით, რესპოდენტებს არ ვყიდულობთ. მაგრამ სინდისს ვიმშვიდებ-ინტერვიუზე არ მივსულვარ, არც არაფერი ჩამიწერია, უბრალოდ როგორც თანამოქალაქესთან ასე მოვედი მეთქი. მაგრამ ხმა მაინც მეძახდა - ხომ მაინც მოხვალ ინტერვიუზეო. მოკლედ დილემაა რა.. ჰოდა ამ დილემის დედაც... არადა ვგრძნობ, რომ იმ ფულით პურს კი არა სასმელს იყიდის. დავემშვიდობე და ჩქარი ნაბიჯით დავტოვე იქაურობა. ფეხით წამოვედი , ფიქრის დრო მქონდა. -მე მასთან 10 წუთიც ვერ გავძელი და მისი ფსიქიკა რამდენს უძლებს. გაცრეცილი, პატარა, ჭაღარა კაცი და მის თვალზე დაგორებული ცრემლი არ ამომდიოდა თვალებიდან. რამდენს გაუძლო, რამდენი რამ განიცადა და რა უფლებით ვაფრთხილებდი იქნებ არ დალიო მეთქი? მოკლედ ასე წამოვედი, არადა სამოქალაქო გმირია აბა რა არის. ცარიელი ხელებით თხრიდა ნანგრევებს, პოულობდა ადამიანების ნარჩენებს და მარხავდა და ამ დროს სად ვიყავით ჩვენ? ან ახლა სად ვართ? რა ვიცი აბა აქ ვართ და ვართ ასე , მე ვარ და ჩემი ნაბადიო- ასე ვართ. წელიწადში ერთხელ, აგვისტოში ან მაშინაც არ გვახსენდება ეს ადამიანები. არც თვითონ აწუხებენ დიდად არავის. აგვისტოში ყვავილებით და გვირგვინებით მემორიალებთან გავიქცევით, დაღუპულებს პატივს მივაგებთ, ცოცხალი სამოქალაქო გმირი კი ამ მეათე წელსაც შუქის და ტელევიზორის გარეშე შეხვდება. არადა იქნებ იმ ყვავილების ფული სულ ეყოს ამ დავალიენების დაფარვას. ისევ დიდი პოსტი გამომივიდა. კიდევ შევხვდები გაცრეცილ, ჭაღარა , პატარა კაცს, რომელსაც დიდი გული აქვს" - წერს აფციაური.
მასალის გამოყენების პირობები






