დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქასიბაძის ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 25% აქვს დამწვარი.
„ამ წუთისთვის შემოვიდა ჩვენთან 30 წლის მამაკაცი, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო შახტაში. სხეულის 25% აქვს დამწვარი. მეორე, მესამე ან მესამე „ბ“ ხარისხის დამწვრობაა. დამწვარი აქვს თავი, მტევნები, წინა მხრები, ქვემო კიდურებზე მცირე უბნები. ასევე აღენიშნება სასუნთქი გზების თერმულ-ინჰალაციური დაზიანება, თერმული შოკი. მისი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში" - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
შემთხვევა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დღეს დილით მოხდა, რომლის დროსაც 4 მეშახტე დაიღუპა, 6 კი დაშავდა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სავარაუდოდ, ტრაგედიის მიზეზი მეთანის დაგროვება გახდა, რომელმაც აფეთქება გამოიწვია.
კომპანია საქნახშირის უსაფრთხოების უფროსის თქმით, შახტში უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
შახტი წინა 5 აპრილის შემთხვევის გამო დალუქული იყო და გუშინ გაიხსნა.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დაილუქება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები






