შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ, თუმცა გარდაცვლილის ვინაობაზე არ საუბრობენ.
ბრალდებული 1956 წელს დაბადებული რ.გ. დაკავებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1956 წელს დაბადებული რ.გ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 ივლისს ვარკეთილში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან, თავის სახელზე გაფორმებული, ნაგანის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ქუჩის მხარეს უმისამართოდ გაისროლა. გასროლის შედეგად, მოპირდაპირე კორპუსში, გულმკერდის არეში დაზიანება მიიღო 1953 წელს დაბადებულმა შ.მ.-მ, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - ნაგანის სისტემის რევოლვერი, 14 ვაზნა და ამავე იარაღიდან გასროლილი ტყვიის მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
მასალის გამოყენების პირობები






