დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ "კომპანიას, რომელიც მინუს 16 მილიონით ამთავრებს ყოველწლიურად თავის საქმიანობას, არ აქვს შესაძლებლობა 45%-იანი ხელფასების ზრდა განახორციელოს".
როგორც დედაქალაქის მერმა, მეტროს მემანქანეების გაფიცვის კომენტირებისას განაცხადა, "მეტროს მემანქანეების ხელფასი მეტია პატრულის თამაშრომლის, სასწრაფოს ბრიგადის თანამშრომლის, მაშველების და მეხანძრეების ხელფასებზე".
კალაძის თქმით, გაფიცვის პერიოდში, დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ავტობუსები, მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება
"ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად ავხსენი, რომ დღეს შეუძლებელია ამაზე საუბარი. ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ არის. ვიცით, რომ სატრანსპორტო კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიონი ლარით გადის მინუსში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს არ არის ჩემთან მიმართებით საუბარი. ისინი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან დედაქალაქის მოსახლეობას, 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება და ეუბნებიან, რომ 1400, 1600, 1800 ლარი მათთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ.ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას - ვკითხოთ იმ 400 ათას ადამიანს, რამდენია მათი საშუალო ხელფასი და ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი. ეს არ არის სწორი ფორმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენით საუბარს არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ეს არის თქვენ მიერ, ჩვენ მიერ, ჩვენი მოქალაქეების მიერ ხელფასებიდან გადახდილი გადასახადები, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდეგ მუნიციპალიტეტში გადმოდის. ჩვენ ამ თანხების მენეჯმენტი და სწორად გადანაწილება გვევალება. შესაბამისად, ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს ამის, რომ მემანქანეებს ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ"- ამბობს დედაქალაქის მერი.
მასალის გამოყენების პირობები






