ევროპული საქართველოს ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ,,საზოგადოებამ გუშინ იხილა, რომ ქართული ოცნების ოფისში დაიწყო დახურული კონსულტაციები ახალი მთავარი პროკურორის შესარჩევად. ეს არის ხელისუფლების და ქართული ოცნების პასუხი იმ ათობით ათასი ადამიანსთვის, რომელიც თბილისის ქუჩებში უსამართლობას აპროტესტებს და ითხოვს სისტემის დანგრევას. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჭკუა ვერ ისწავლა და აპირებს ახალი პროკურორის დასახელებას ზუსტად იმავე სისტემის ფარგლებში, რომლის დანგრევასაც ითხოვს ხალხი.
დავით ბაქრაძის განცხადებით, ,,რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, არ დაუშვათ პროცესის ამ მიმართულებით წასვლა. ამიტომ, ერთის მხრივ ჩვენ სრულად ვიზიარებთ ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც აჟღერებს ზაზა სარალიძე და ჩვენი საზოგადოება მიტინგზე და ამ მოთხოვნების მიმართ სრულიად სოლიდარული ვართ, მაგრამ როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც გააჩნია დამატებითი პასუხისმგებლობა გამოვდივართ დამატებითი ნაბიჯებით, რომელიც საზოგადოებასთან ერთად საშუალებას მოგვცემს დავანგრიოთ ეს სისტემა და შევცვალოთ ის ვითარება, როდესაც გადაწყვეტილებები მიიღება დახურულ კარს მიღმა.
დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ევროპული საქართველო შალვა შავგულიძის კანდიდატურას სთავაზობს საზოგადოებას, ზაზა სარალიძეს, პოლიტიკურ სპექტრს, თითოეულ მშობელს, რომლის შვილიც მოკლული იქნა და რომლის საქმეც არ არის გამოძიებული და ასეთი ადამიანი ბევრია ქვეყანაში.
,,შალვა შავგულიძე არასდროს არ ყოფილა ჩვენი პოლიტიკური მოკავშირე. ჩვენ ვიყავით ყოველთვის სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკებში. მახსოვს, როდესაც ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, შალვა შავგულიძე იყო სანდრო გირგვლიანის ადვოკატი. მაშინ მან დაამტკიცა და აჩვენა, რომ ის არის ღირსეული, რომელსაც შეუძლია და არ ეშინია სისტემის წინაღმდეგ წასვლა,’’ - ამბობს დავით ბაქრაძე.
მასალის გამოყენების პირობები






