„ყველას გვტკივა ახალგაზრდების გარდაცვალება და სრულად ვიზიარებ მათი მშობლების, ნათესავებისა და მეგობრების უდიდეს მწუხარებას. მე პირადად მყავს დაკარგული უახლოესი მეგობარი, დაახლოებით ამ ახალგაზრდების ასაკში, და დაახლოებით ასეთ სიტუაციაში. უდიდესი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში. თუმცა, ყოვლად მიუღებლად მიმაჩნია სამართლებრივი პროცესის პოლიტიზირება.
დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ, თუ ინსტიტუტებს პატივს არ ვცემთ!
დღეს, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი განვითარების ეტაპზეა, იქნება ეს მთავრობა, პროკურატურა, პარლამენტი, სასამართლო, მედია, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა და ამიტომ, შეცდომები გარდაუვალია. ჩვენ ყველანი ერთად ვსწავლობთ დამოუკიდებელ ცხოვრებას და ერთად ვქმნით ჩვენს სახელმწიფოს. ამ პროცესში კი საზოგადოებას და პოლიტიკოსებს გარდამტეხი როლი აქვთ - მათ უნდა გააძლიერონ ინსტიტუტები და არა პირიქით, დაასუსტონ და შეურაცხყონ ისინი.
არეულობა და დაქსაქსულობა ჩვენს ქვეყანაში ბევრჯერ გვინახავს, ერთიანობა და მშვიდობა კი იშვიათად, რასაც მოფრთხილება სჭირდება! პოლიტიკური შეხედულებების ერთობა ვერასდროს ვერ იქნება და ღმერთმაც ნუ ქნას, ამისთვისაა დემოკრატია, რომ განსხვავებული აზრი ისმოდეს. თუმცა ერთიანობა გვჭირდება კანონის და ინსტიტუტების პატივისცემის საკითხში.“- წერს მიხეილ ჯანელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






