სამუშიას განმარტებით დღევანდელმა სასამართლო გადაწყვეტილებამ, ნათლად დაგვანახა და დაადასტურა , რომ ქვეყანაში სამართალდაცვითი და საგამოძიებო სტრუქტურები არის სრულიად მოშლილი და ქვეყანაში შესაძლებელი ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების გამოტანა. ეს გადაწყვეტილებები განპირობებულია პირველ რიგში პროკურატურის მიზანმიმართული ქმედებებით, ვინაიდან ჩვენ თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ დაზარალებულის მამა, გარდაცვლილი არასრულწლოვნის მამა ამბობდა, რომ ამ საქმეში ყველაფერი რიგზე არ იყო. ითხოვდა შველას და დახმარებას პროკურატურისაგან. საპასუხოდ პროკურატურისაგან ვგებულობდით, რომ ყველაფერი იყო რიგზე და ამ საქმეში ყველა სავარაუდო ბრალდებული პასუხისგებაში იყო მიცემული. მთავარი პროკურორი ამბობდა, რომ გამოძიება ობიექტურად იყო ჩატარებული. დღევანდელმა სასამართლო გადაწყვეტილებამ, დაადასტურა რომ არა თუ ყველაფერი არ არის რიგზე, არამედ საერთოდ არაფერი არ არის რიგზე. გამოძიება არის ნახევრად ფაბრიკატი. აქედან გამომდინარე გამოძიება თავიდან არის ჩასატარებელი აღნიშნულ საქმეზე, რათა დაისაჯონ აღნიშნულ ქმედებაში სავარაუდოდ დამნაშავეები. ამ გამოძიებას კი ვერ ჩაატარებს პროკურატურა მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით.
,,ჩვენი მოთხოვნაა მთავარმა პროკურორმა დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა. მან პრაქტიკულად აღიარა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულყოფილი. აქედან გამომდინარე ის უკვე ვერ ჩაატარებს, ვერ იქნება ობიექტური პირი, ვერ იქნება ობიექტურობის გარანტი ამ გამოძიებაში. ასევე ვითხოვთ, რომ ახალი გამოძიების პირობებში, რომელმაც უნდა გამოავლინოს სავარაუდო დამნაშავეები და ყველა მონაწილე პირი უნდა წარსდგეს სამსჯავროზე ჩაატარონ იმ პროკურორებმა და გამომძიებლებმა, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აღნიშნული საქმის გამოძიებაში და რომლებიც არ არიან შემჩნეულები პოლიტიკური საქმეების შეკერვაში. ვინაიდან პოლიტიკური საქმეების შეკერვაში დახელოვნებული პირები პროკურატურაში ძალიან ბევრნი არიან. აქედან გამომდინარე, ,,თავისუფალი დემოკრატების’’ მოთხოვნაა მთავარი პროკურორის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის დაყენება.
ასევე მინდა მივმართო დაზარალებულების ოჯახს, ჩვენ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ უსამართლობასთან ბრძოლაში და როგორც წინა ხელისუფლების დროს ვედექით ნებისმიერ დაზარალებულს და ნებისმიერ ადამიანს უთანასწორო ბრძოლაში უსამართლობასთან და ხელისუფლებასთან დღესაც მზად ვართ ბოლომდე დავუდგეთ ამ ადამიანებს მათ დასაცავად გვერდით’’, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






