„დღევანდელი ფაქტი აშკარა ნიმუშია იმისა, რომ ჩვენ გვყავს აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტური ხელისუფლება, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ მიაჩნია. ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში აღნიშნული საქმე, რომელმაც შეძრა სრულიად საქართველო და არ არის გამოძიებული და დღეს ჩვენ დაბნეულ საუბრებს ვისმენთ მონა პროკურორებისაგან, ლაპარაკობს იმაზე, რომ ქვეყანა არ არის და ქვეყანაში ხელისუფლებას ჰყავს ის მონური პროკურორები, მონური თანამდებობის პირები, რომლებიც ყველა დავალებას შეასრულებენ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს ხელისუფლება გადაჰყვება ამ საქმეს. “- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძე გენერალური პროკურორის გამოსვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძის გამოსვლამ პროკურატურის არაკომპეტენტურობა აჩვენა.
„განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ახლა ჩაერთვებიან უცხოელი პროკურორები, უბრალოდ, სამარცხვინოა და სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს. ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, დამოუკიდებელი პროკურატურა? თუ ყველა რეზონანსულ საქმეზე ჩვენ რომელიმე ქვეყანაში უნდა გავიქცეთ გამოძიების ჩასატარებლად, თუ გამოძიება არ გაქვთ ბატონებო, თუ ჩვენი ახალგაზრდების სიცოცხლის დაცვას ვერ ახერხებთ და დამნაშავეების დასჯას, წადით სახლებში, გადადექით.“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინიციატივას ეხმაურება, რომელმაც აღნიშნავს, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ნინო ბურჯანაძის თქმით, ეს მხოლოდდამხოლოდ დროის გაყვანას ემსახურება.
ბურჯანაძის თქმით, პარლამენტმა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს და ერთი კონკრეტული თანამდებობის პირის ინტერესის მიხედვით არ იხელმძღვანელოს.
მასალის გამოყენების პირობები






