„პროკურატურამ არა თუ ვერ დაადგინა, არამედ არ დაადგინა ვინ არიან მკვლელები. დღეს სასამართლომ დაადგინა ის რასაც შვილმოკლული მამა აცხადებდა და საზოგადოებას თანადგომას თხოვდა. სასამართლომ თქვა, რომ პროკურატურამ არ გამოიძია საქმე და არ დაადგინა მკვლელები და ვიღაცას ხელი დააფარა. მე აქამდეც ვაცხადებდი, რომ არის რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. პირველი რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე, მეორე ის რომ ხელი დააფარეს მკვლელებს და მთელი 6 თვის განმავლობაში სისტემა დაეჯახა ზაზა სარალიძეს და ცდილობდა დაეფარა რეალური მკვლელები. შეგახსენებთ შოთაძის განცხადებას, როდესაც მან თქვა, რომ ორზე მეტი მკვლელი არაა, დღეს აღმოჩნდა, რომ ისინიც კი არ არიან დათო სარალიძის მკვლელები. მე ვფიქრობ და ჩემი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია არის ასეთი, შოთაძის და პროკურატურს მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს მინიმუმ იმის გამო, რაც 6 თვის განმავლობაში ხდებოდა. ეს არის არა მარტო პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დამერწმუნეთ რომ შოთაძე ვერცერთ შემთხვევაში ვერ გაბედავდა მკვლელებისთვის ხელის დაფარებას ისეთ გახმაურებულ ტრაგედიაზე, როგორიც იყო ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმე. ეს არის სისტემის დანაშაული, რომელმაც დაუშვა ვიღაცასთან პოლიტიკური ინტერესების გამო, რომ ბოლომდე დანაშაული არ გამოვლენილიყო. მინიმუმ უნდა დადგეს შოთაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და უნდა იქნეს დაუყოვნებილივ გამოძიებული საქმე. ერთი ის რომ ბოლომდე უნდა იქნას დადგენილი ვინ არიან მკვლელები და მეორე ვინ გააკეთა ისე, რომ ეს მკვლელობა არ გამოძიებულიყო, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული მაღალი რანგის ჩინოვნიკების, რომლებმაც შეგნებულად დაფარეს დანაშაული.“- განაცხადა ქარდავამ.
ბაჩუკი ქარდავას თქმით, ხელისუფლებისთვის ძალიან ფასეულია მირზა სუბელიანი და სწორედ ამიტომ ცდილობს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მიჩქმალვას:
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ის ადამიანი, რომელის დაკავებაც პროკურატურას არ სურდა და ამ საქმის საერთოდ მიჩქმალვა უნდოდა, ძალიან ფასეულია დღევანდელი ხელისუფლებისთვის. სტრასბურგში მისი გვარი ფიგურირებს იგივე ციხის საკითხებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ ციხის „გაშავება“ და დალაგებას, როგორც ამ ხელისუფლებას სურდა, ასევე ვანო მერაბიშვილის საქმესთან დაკავშირებით. ამ კაცის სახელი და გვარი ფიგურიებს დანაშაულის დაფარვაში, შოთაძის სახელი და გვარი კი ფიგურირებს იმაში, რომ ამ საქმეში მან ხელი შეუწყო პოლიტიკური ხელმძღვანელობის დავალებით, მათ გარეშე ეს არ მოხდებოდა.“- აღნიშნა ქარდავამ
მისი თქმით აუცილებლად უნდა დაისაჯონ დათო სარალიძის მკვლელები და უნდა დადგეს შოთაძის პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მეორედ მსგავსი რამე სხვამ ვერ გაბედოს.
"არ უნდა შერჩეს არავის, რომ სახელმწიფომ დაიცვას მკვლელები და შეეჯახოს შვილმკვდარ მამას. მე იმედი მაქვს რომ საზოგადოება ამას არ შეეგუება და დადგება ზაზა სარალიძის გვერდით. ეს ერთის მხრივ არის პოლიტიკური აქტი, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ ეს პრობლემა ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეექმნეს და მეორეს მხრივ ეს არის მორალური პასუხისმგებლობა თითოეული ჩვენთაგანისთვის, მე როგორც რიგით მოქალაქეს, რომელსაც გააჩნია სინდისი და ნამუსი და ეზრდება ორი შვილი, ვალდებულად ვთვლი რომ დავდგე ზაზა სარალიძის გვერდით.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






