„გამარჯობა ,სოსო! დიახ, შენი და კახა მიქაიას სატელეფონო საუბრის ჩანაწერი მე მაქვს!.. სოსო გოგაშვილის და კახა მიქაიას სატელეფონო ჩანაწერში არის ერთი ფრაზა - სასამართლო რომ გაგაჩერებინე? შენ რომ ტელეფონით მოაგვარე სასამართლოს ამბავი?!
აი, გამოძიების დაწყების საფუძველი - ვისი პროცესის საქმე მოაგვარა სოსო გოგაშვილმა ტელეფონით?!“
ელისო კილაძის ამ რიტორიკულ კითხვას პასუხი ჯერ არ გასცემია, თუმცა ისეთ პირი უჩანს, რომ მალე დიდი ამბები ატყდება და ამ ეჭვს გურამ შარაძის ქალიშვილის, რუსუდან შარაძის მიერ ასევე, სოციალურ ქსელშ გამოქვეყნებული ინფორმაციაც მოწმობს.
„ერთ-ერთი ჟურნალისტი ამბობს, რომ თურმე, სოსო გოგაშვილისა და ჩემი მეგობრის ის სატელეფონო ჩანაწერი მოიპოვა, რომელზეც ამდენი ხანია, ვსაუბრობ და სადაც გოგაშვილი გაცეცხლებულია, თუ რატომ გავიგე მე, შვილმა, რომ მამაჩემის მკვლელობის საქმეში ოქროს მოწმე გამოჩნდა.
18 მაისის პრესკონფერენციამდე, ეს 26 წუთიანი ჩანაწერი გვქონდა მე, ჩემს ორ მეგობარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და პროკურატურას. 18 მაისის, ანუ მას შემდეგ, რაც ,,ქართული ოცნების“ ოფისთან პრესკონფერენცია გავმართე, ეს ჩანაწერი პირადად მივაწოდე საქართველოს ხელისუფლების თითქმის ყველა უმაღლეს პირს, მთელ ,,ოცნებას“ - პარლამენტარებს, მინისტრებს, თბილისის მერს და ა.შ...
ჩემი მიზანი იყო, რომ სცოდნოდათ, ვინ არცხვენთ, ვინაა სოსო გოგაშვილი, ვის ხელშია დღეს სახელმწიფო და რაც მთავარია, ვინ აფარებს ხელს გურამ შარაძის მკვლელებს! იმედი მქონდა, რომ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, მამაჩემის მკვლელობის საქმისთვის რამე სასიკეთო რეაგირებას მოახდენდნენ. გულის სიღრმეში მეგონა, რომ დააფასებდნენ იმასაც, რომ ამდენ ხანს, არაადამიანური ძალისხმევის შედეგად, ვიკავებ თავს, რომ ეს და სხვა ჩანაწერები საჯარო არ გავხადო.
ამის მაგივრად, რა ხდება? ვიღაცამ ჩანაწერი მისცა ჟურნალისტს და როგორც ის ამბობს, მალე გამოაქვეყნებს.
საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ხელისუფლებიდან, ვინ არ ვიცი, მაგრამ რომელიღაცამ, ამ ჩანაწერის გამჟღავნებით, გამომიყენა შიდასახელისუფლებო დაპირისპირებისთვის“ - წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.
დიდი სკანდალის წინ, "ნიუპოსტი" "ქრონიკა+“ის მთავარ რედაქტორს დაუკავშირდა. ელისო კილაძე ამბობს, რომ ის სამშაბათს არ დაელოდება და მიქაია-გოგაშვილის სრულ ჩანაწერს ხვალ გაასაჯაროებს.
"მე არ მაქვს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“, რომელ მაღალჩინოსნებს გადასცა ქალბატონმა რუსუდან შარაძემ აღნიშნული ჩანაწერი. პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ჩანაწერი არც კახა მიქაიას, არც შარაძეს და არც "ქართული ოცნების" რომელიმე მაღალჩინოსანს არ მოუწოდებია. ცხადია, წყაროს არ დავასახელებ, მაგრამ ჩანაწერი, რომელსაც სრულად ხვალ გავასაჯაროებ და ყველა მედიასაშუალებისთვის მისაწვდომი იქნება, არის ძალიან საყურადღებოა. ჩვენ ძალიან მკაფიოდ და ნათლად დავინახავთ, ვინ არის ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, სოსო გოგაშვილი. ხვალ კიდევ ერთხელ დარწმუნდება საზოგადოება მის სრულ არაპროფესიონალიზმში, რაზეც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდი. ეს არის ქუჩური გარჩევა კახა მიქაიასა და სოსო გოგაშვილს შორის. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მიქაია „ავერბოვკებს“ გოგაშვილს, ვიდრე - გოგაშვილი. საუბარი შეეხება კონკრეტული დანაშაულის დაფარვას, საუბარია კუდ-ის კონკრეტულ მაღალჩინოსანზე, რომელსაც აქვს გარკვეული მასალები და იმის მაგივრად, რომ ბოლომდე ამოეწურათ ეს თემა გოგაშვილს, რა მასალები აქვს ამ პირს, როგორ არის ეს მასალები მოპოვებული, პირი პირდაპირ ამბობს რომ მასალები მას კიევში აქვს შენახული, მზად არის ჩამოიტანოს, გამოვიდეს სასამართლოზე მოწმედ და ამხილოს რიგი დანაშაულებები. ასეთ ადამიანს ისინი არ იყენებენ. ამ ჩანაწერში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ამ პროცესების საქმის კურსში იყო ბიძინა ივანიშვილის ნათესავი, უჩა მამაცაშვილი. ჩანს ჩანაწერიდან, რომ მიქაიას ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრები ჰქონდა სწორედ მამაცაშვილთან, ახლა საინტერესოა, უჩა მამაცაშვილმა ჩააყენა თუ არა ბიძინა ივანიშვილი საქმის კურსში თუ ყოფილ პრემიერს მთელი ეს პროცესი დაუმალეს.
ასევე, მნიშვნელოვანია ერთი პასაჟი, ჩანაწერში გოგაშვილსა და მიქაიას შორის საუბარი მიდის კონკრეტულ თხოვნების შესრულებაზე, საუბარი მიდის რომელიღაც სასამართლო პროცესის შეჩერებაზე, რომელიც სოსო გოგაშვილმა ერთი სატელეფონო ზარით მოაგვარა. ეს ჩანაწერი თავისი შინაარსით ნამდვილად იმსახურებს იმას რომ გამოძიება დაიწყოს, მინიმუმ, გოგაშვილის მიერ უფლება-მოსილების გადამეტების ფაქტზე. დასაკითხია კახა მიქაია. გამოძიებას ჩვენება უნდა მისცეს უჩა მამაცაშვილმა და კუდი-ს იმ მაღალჩინოსანმა, რომელიც გარკვეულ მასალებს ფლობს .
საერთოდ, მგონია, რომ ძალან დიდ სახელისუფლებო სკანდალთან გვაქვს საქმე, მით უმეტეს, როცა გურამ შარაძის მკვლელობასა და საქმეში ახალ გარემოებაზეა საუბარი. დიდი ოპტიმიზმით განწყობილი არ ვარ, რომ გამოძიება ჩატარდება და გოგაშვილს განსასჯელის სკამზე ვიხილავთ, მაგრამ მგონია, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს. ეს არ არის რიგითი სკანდალი, იქ რამდენიმე დანაშაულია ჩამოთვლილი და იკვეთება ამ დანაშაულების დაფარვა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილესთან მხრიდან"- განაცხადა ელისო კილაძემ.
მისი თქმით, სკანდალურ ჩანაწერთან დაკავშირებით კახა მიქაიას ესაუბრა, რომელმაც ჩანაწერის ავთენტურობა კატეგორიულად არ დაადასტურა.
"თქვა, რომ გოგაშვილთან საუბარი არ ჰქონია და ასეთი ჩანაწერი ბუნებაში არ არსებობს. ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება მიქაიას კომენტარი ხვალ, როცა ჩანაწერი სრულად გასაჯაროვდება"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" კილაძემ.
"ქრონიკა+“ის რედაქტორის ინფორმაციით, ჩანაწერში, რომელიც დღის სინათლეს ხვალ 14:00 საათზე იხილავს, გოგაშვილი პრეტენზიებს აფიქსირებს მიქაიასთან, რატომ გახდა გურამ შარაძის ქალიშვილისთვის ცნობილი იმ პირის ვინაობა, რომელიც გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში ახალ გარემოებებს ასახელებდა და რატომ ვერ გააკონტროლა რუსუდან შარაძე მისმა ნათესავმა, ნიკა შარაძემ რომელიც სუს-ის მაღალჩინოსანია და ამავდროულად გურამ შარაძის ძმისშვილი.
ელისო კილაძე ამბობს, რომ მის ხელთ არსებული ჩანაწერი არის უწყვეტი და ავთენტური. მისივე ინფორმაციით, მიქაიას გოგაშვილი ურეკავს და არა პირიქით.
"გოგაშვილის გეგმები, რომ მიქაიას განცხადება გააკეთებინოს ჩანაწერის ავთენტურობასთან დაკავშირებით, რომ მონტაჟია, აფექტის მდგომარეობაა და სხვა, ეს ჩემთვის ცნობილია და ამიტომაც დავაჩქარე ჩანაწერის გავრცელება"- უთხრა "ნიუპოსტს" ელისო კილაძემ.
გოგაშვილი-მიქაიას სკანდალურ ჩანაწერს ელისო კილაძე ხვალ, 14:00 საათზე, "ქრონიკა პლუსის" ოფისში გაასაჯაროებს.
მასალის გამოყენების პირობები






