ძლიერი ქარის გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ოზურგეთის რამდენიმე სოფელში; გურიანთაში, კონჭკათში, ძიმითსა და სილაურში ძლიერი ქარის შედეგად მოთხრილი რამდენიმე ხე ელექტროენერგიის ბოძებს დაეცა და დააზიანა, იგივე პრობლემა შეიქმნა დაბა ურეკის ნაწილშიც, სადაც მოთხრილმა ხემ ელექტრო ბოძი წააქცია.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება ამ წუთებში, ადგილებზე გასულია სამუშაო ჯგუფები და ელექტრო ენერგიის მიწოდება სოფლებს დღის ბოლომდე აღუდგება.
ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა, რამდენიმე ხე მოთხარა და პრობლემები შექმნა ჩოხატაურშიც.
ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას ინფორმაციით, კონკრეტულად რა ზარალი მიაყენა ძლიერმა ქარმა ჩოხატაურს ამ დროისთვის სრული ინფორმაცია არა აქვს, რადგან მდგომარეობის შესწავლა ამ წუთებში ხდება:
"ამ წუთებში რა ინფორმაციაც მაქვს, მოთხრილია რამდენიმე ხე და ზოგ სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, რადგან დაზიანდა ელექტრო ბოძები. გასულები არიან ჩემი წარმომადგენლები და ადგილებზე სწავლობენ სიტუაციას. კოხნარში მაგალითად მოგლეჯიმა ხემ დააზიანა სადენები და ამის გამო მოსახლეოაბს არა აქვს შუქი. სხვა რაიმე უფრო სერიოზულ ზარალზე, ინფორმაცია არ მაქვს"- აცხადებს კუჭავა.
ოზურგეთისა და ჩოხატაურის მსგავსად , ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ლანჩხუთშიც.
ლანჩხუთის მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ამ წუთებში ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფლებს; ჩოჩხათსა და გრიგოლეთს.
ქარმა სახურავი გადახადა ღრმაღელის ადმინისტრაციული შენობას. სახურავი აქვს დაზიანებული ასევე ჩოჩხათში მცხოვრებ მითაიშვილების საცხოვრებელ სახლს.
ძლიერმა ქარმა გრიგოლეთში ხე წააქცია. არსებული ინფორმაციით, უკვე დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, რომელიც წაქცეულმა ხემ ჩახერგა. პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლებში, სადაც დაზიანებულია ელექტროსადენები, სამუშაო ჯგუფი უკვე გასულია.
მასალის გამოყენების პირობები






