"ქართული ოცნების" დეპუტატები სირიის რეჟიმის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებენ.
მათი შეფასებით, სირიის რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო არ არის და სწორედ რუსეთი აძლევს მითითებებს ასადის რეჟიმს.
„რუსეთი და სირია არიან მოკავშირეები და რუსეთთან სირიას ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები და ეს გადაწყვეტილება მიიღო აქედან გამომდინარე“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გედევან ფოფხაძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია სირიის რეჟიმის ქმედებას ქვეყანაში დემოკრატიული პოლიტიკური გარემოს არარსებობით ხსნის.
„იქ, სადაც არ არის დემოკრატიული სისტემა და დემოკრატიული მმართველობა, იქ შეიძლება იყოს მხოლოდ ასეთი მიდგომა, რომელიც არღვევს ყველა საერთაშორისო პრინციპს, არღვევს სუვერენიტეტს და არღვევს საერთაშორისო სამართლის დოგმატურ მიდგომებს, ამიტომ, ბუნებრივია, ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა და ჩვენი ყველა მეგობარი თუ პარტნიორი ქვეყანა, ყველა დემოკრატიული სახელმწიფოც ერთმნიშვნელოვნად ემიჯნება ასეთ მიდგომას,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები






