საკითხს „ნიუპოსტთან“ საუბრისას „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია აფასებს, რომელიც მიიჩნევს, რომ აღიარების უკან წაღების ერთადერთი გზა, სირიაზე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შესაბამისი ზეწოლის განხორციელება იქნება:
„ეტყობა რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სერიოზულ ზეწოლას სირიის მთავრობაზე აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველო ჩაერთოს პროცესში და საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს, რომ დაელაპარაკოს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, რათა მათ განახორციელონ ზეწოლა სირიის მთავრობაზე, აღიარების უკან წაღებასთან დაკავშირებით. რეალურად ისეთი სანქციები და ის ზეწოლა, რაც ხორციელდება, იმ საკითხებში უნდა ჩაჯდეს ერთ-ერთ მოთხოვნად აღიარების უკან წაღება და ეს უზრუნველყონ პარტნიორმა ქვეყნებმა. ასადისადმი წაყენებული ბრალდებები, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ხდება, ერთ-ერთ ბრალდებად უნდა დაემატოს სეპარატისტთა მხარდაჭერა და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ამ ზეწოლის ფონზე შეიძლება აღიარების უკან წაღება.
ეს აღიარება დიდი არაფერია, რადგან სირია, როგორც სახელმწიფო ნეგატივშია, მაგრამ მომავალში ამან შესაძლოა რაღაც გამოხმაურება ჰპოვოს, რომ არაბულმა ერთ-ერთმა ქვეყანამ აღიარა აფხაზეთის და ცხინვალის დამოუკიდებლობა. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, რათა საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპის საბჭოში, ეუთოს უსაფრთხოების საპარლამენტო ასამბლეაზე ეს საკითხი დადგეს და იყო ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა, როგორც ასადის წინააღმდეგ, ასევე იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ბედავს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას“, - აღნიშნავს პაატა დავითაია.
მასალის გამოყენების პირობები






