კუპრავასთვის, რომელიც ვერაზე მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოანის, დავით სარალიძის მამის ინტერესებს იცავს, გაურკვეველია, რა შეიცვალა ორ დღეში.
უფრო კონკრეტულად, ყოფილი სამართალდამცავის თქმით, პროკურატურამ პირდაპირ ეთერში გაასაჯაროვა საქმეში არსებული ყველა ნივთმტკიცება და ისაუბრა ფაქტობრივ გარემოებებზე. თუმცა ორი დღის წინ, იმ მოტივით, რომ საქმე დახურული იყო, მას მთავარ პროკურორთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მიეცა.
“ნიუპოსტთან’ საუბრისას კუპრავა აღნიშნავს, რონ პროკურორი კაპანაძე კბილებით იცავდა მირზა სუბელიანს და სხვა დამნაშავე პირებს, რაც ადასტურებს ზაზა სარალიძისა და მათ შორის, დაცვის მხარის პოზიციას, რომ საგამოძიებო ორგანო დამნაშავეებს ხელს აფარებს.
„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მოკლული არასრულწლოვანის ოჯახი სამოქმედო გეგმას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.
"მთავარი პროკურატურის მხრიდან დღეს მოვისმინეთ ის ზღაპარი, რომელიც მას სასამართლოში აქვს წარდგენილი. ეს განცხადება გაკეთდა იმ ფონზე, როცა სულ რაღაც ორიოდე დღის წინ, ჩემს საგამოძიებო ორგანოში შესვლაზე უარი ითქვა იმ მოტივით, რომ საქმე დახურული იყო.
რა შეიცვალა 2 დღეში?! დღეს, ხომ საქმის მასალებზე პროკურატურის წარმომადგენელმა 5 მილიონ ადამიანს პირდაპირ ეთერში მოუყვა. თუ ამის მოსმენა შეიძლებოდა დღეს, რატომ არ მომეცა საშუალება საქმის ირგვლივ არსებული კრიტიკული კითხვები დამესვა პროკურატურისთვის? აქ უკვე გამოიკვეთა პროკურატურის ორმაგი სტანდარტი. შოთაძის უწყება მიკერძოებულს უწოდებს იმ მოწმეების, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებაში ხელს ადებენ სხვა პირებს და ცდილობს მათი ჩვენებები სასამართლომ არ გაიზიაროს და მხოლოდ იმ მოწმის ჩვენებას იზიარებს, რომელმაც სასამართლოზე, ორ სხვადასხვა პროცესზე ორი რადიკალურად განსხვავებული ჩვენება მისცა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ მთავარი პროკურატურა დამნაშავეებს ხელს აფარებს. პროკურატურა ეყრდნობა კალანდიას ჩვენებას, თუმცა ეჭვქვეშ არ აყენებს იმ გარემოებას, რომ ამ უკანასკნელმა თვითონვე აღიარა მოსამართლის წინაშე, რომ ცრუ ჩვენება მისცა. პროკურატურა კი კალანდიას ჩვენებიდან სასამართლოს იმ ჩვენების გაზიარებას სთხოვს, რომელიც სწორედ ბრალდების მხარეს აწყობს იმისთვის, რომ სხვა პირების დანაშაული არ გამოიკვეთოს.
პროკურატურამ დღეს კიდევ ერთხელ შეაფურთხა დაზარალებულებს - როგორც ჩანს, მან ვერავითარი გაკვეთილი ვერ მიიღო 27 მაისის აქციისგან. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, უახლოეს დღეებში გავასაჯაროებთ სამოქმედო გეგმას. ვიცით, რომ ეს ბრძოლა არ იქნება იოლი, თუმცა უკან დახევას არ ვაპირებთ. პროკურატურას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობაში მისცეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირი და მათ შორის მირზა სუბელიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, რადგან სუბელიანი საქმის ფალსიფიცირებაში აქტიურად იყო ჩართული. ტყუილია ის ფაქტი, რომ სუბელიანმა თითქოს მეორე დღეს დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ. მან შოთაძეს განცხადებით მკვლელობიდან 4-5 დღის შემდეგ, სიტუაციის დალაგების შემდეგ მიმართა. ნივთიერი მტკიცებულებების, მთავარი მოწმეების და სხვა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას სუბელიანი პროკურატურის მაღალჩინოსანი იყო.
5 დღეს სუბელიანისთვის სრულიად საკმარისი იყო, მიეღო სასურველი ჩვენება, გაენადგურებინა არასასურველი ნივთმტკიცებები და საქმეში ის მტკიცებულებები ჩაედო, რომელიც საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამოსაძვრენად სჭირდებოდა. კრიტიკული 4-5 დღის შემდეგ, სუბელიანი წავიდოიდა თუ დარჩებოდა, მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან გამოძიება იმ ხაზს, იმ ნივთიერ მტკიცებულებებს მიყვებოდა, რომელიც მირზა სუბელიანმა წარადგინა.
ასევე, აბსოლუტური სიცრუეა, რომ თურმე, საქმეზე 100-ზე მეტი მოწმეა დაკითხული. მათ სასამართლოზე რამდენიმე მოწმე მიიყვანეს, იმ მოწმეების ჩვენებები, რომლებიც სასამართლოზე არ არის, ეს ხომ ფარატინა ფურცელია? რა აზრი აქვს მოწმეების დაკითხვას, თუ ისინი სასამართლოზე არ დაიკითხებიან?! ნუ შეყავთ საზოგადოება შეცდომაში, შეიძლება, მათ გამოკითხეს ადამიანები, თუმცა მათი ჩვენებსბი სასამართლოპზე არ არის, მოსამართლეს არ უდევს"- განაცხადა ზვიად კუპრავამ.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის ადგილზე ამოღებული მტკიცებულებების ამსახველი ფოტო-მასალა გაავრცელა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ სისხლიან ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამაზე, მირზა სუბელიანზე შოთაძის უწყება ამბობს, რომ სუბელიანმა, რომელიც მკვლელობის დროს პროკურატურის თანამშრომელი იყო, არასრულწლოვანი შვილი დაკითხვაზე თავად, მომხდარიდან სამ საათში მიიყვანა.
მირზა სუბელიანი იმყოფებოდა პეკინის ქუჩაზე, მისვლის მიზანი ვითარებაში გარკვევა და შვილის სამართალდამცავი ორგანოებისთვის წარდგენა იყო - აღნიშნეს უწყებაში.
მასალის გამოყენების პირობები






