პრემიერ მინისტრმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახა კახიშვილს პენიტენციურ სფეროში გაწეული სამუშაოთვის და რეფორმების აღიარებისთვის მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო კახა კახიშვილს შესრულებული სამუშაოსთვის, მის მიერ ჩატარებული რეფორმების აღიარებისთვის. ამ ინიციატივაში საქართველოს მიწვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენას, პოზიციების განმტკიცებას საერთაშორისო ასპარეზზე. მოხარული ვარ, რომ გვექნება შესაძლებლობა სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების პოზიტიური მაგალითები“.- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სულ ცოტა ხნის წინ შედგა საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთი დასტურია -ადამიანის უფლებათა საკითხებში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის. „ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სტავროს ლამბრინიდისის მიერ საქართველოში ვიზიტის დროს წარმოდგენილი ინიციატივის - ,,ადამიანის უფლებების დაცვის პოზიტიური მაგალითები“ (Good Human Rights Stories) ფარგლებში, საქართველომ სხვა წარმატებულ 15 ქვეყანასთან ერთად მიიღო წინადადება, მთელს მსოფლიოში, სახელმწიფოებს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება. - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






