ვინ არის ოლეგ ივანნიკოვი?
ივანნიკოვი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რუსი სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა 1967 წელს. იგი ჯერ კიევის უმაღლეს სამხედრო საავიაციო სასწავლებელში ჩაირიცხა, ხოლო მეექვსე კურსზე მოსკოვის საავიაციო ინსტიტუტი სარაკეტო ბალისტიკური ფაკულტეტი დაამთავრა. 2003 წლამდე იგი დონის როსტოვში მსახურობდა.
2004 წელს ივანნიკოვი სხვა გვარით (ანდრეი ლაპტევი), სამაჩაბლოში ჩავიდა და ჯერ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. "უშიშროების საბჭოს" ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ 2006-2008 წლებში რუსეთის მიერ ოკუპირებული "სამხრეთო ოსეთის თავდაცვის მინისტრი" იყო. ლაპტევი-ივანნიკოვი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ГРУ-ს რეზიდენტურასთან თბილისში, რომელიც საქართველოს წინა ხელისუფლებამ 2006 წელს გამოაშკარავა, რასაც რუსული დაზვერვის 4 თანამშრომლის დაპატიმრება მოჰყვა.
2008 წლის 1 მარტს ლაპტევს რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. სამაჩაბლოში "მოღვაწეობის" დროს მის შესახებ რამდენიმე დეტალი გამოაშკარავდა, რაც ადასტურებს ლაპტევისა და ივანნიკოვის იდენტურობას - 2012 წლის ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" საპრეზიდენტო არჩევნებში იგი დავით სანაკოევს უჭერდა მხარს. მისი ინტერვიუდან ირკვევა, რომ ლაპტევი, ისევე როგორც ივანნიკოვი, ერთი ასაკის არიან და მეორე - დავით სანაკოევი The Insider-თან ინტერვიუში ადასტურებს, რომ ლაპტევს, მაღალი ტონის, თითქმის ქალური ხმა აქვს. ამასთან Bellingcat-ის ერთერთმა წყარომ, რომელიც 2006–2008 წლებში რუსეთის ე.წ. "სამშვიდობო მისიაში" მონაწილეობდა, ივანნიკოვის ფოტოზე განაცხადა, რომ ეს "სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრი" ანდრეი ლაპტევია, რომელსაც პირადად იცნობდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ლაპტევი ცხინვალში ყოფნის დროს ერიდებოდა თავისი სახის საჯაროდ, ტელე ან ბეჭდურ მედიაში გამოჩენას, რათა მის ნაცნობებს მისი ივანნიკოვთან იდენტიფიკაცია არ მოეხდინათ.
რუსეთის პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლაპტევი ცხინვალის შემდეგ მოსკოვში ცხოვრობს, თუმცა მასზე არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. აქვე ცხოვრობს ივანნიკოვიც, რომელმაც 2009 წელს დისერტაციაც კი დაიცვა. დისერტაციაში The Insider-ისა და Bellingcat-ის ინფორმაციით, ივანნიკოვი ხშირად ციტირებს რუსეთის იმპერიის ერთერთ მთავარ იდეოლოგს ალექსანდრე დუგინს და მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, წინ აღუდგეს "დასავლეთის ინფორმაციულ და კულტურულ შეღწევას კავკასიის რეგიონში". ამ მისიაში, მისი მოსაზრებით, აქტიურად უნდა ჩაერთოს რუსეთის სპეცსამსახურების (СВР, ГРУ, ФСБ და აშ.) მაღალჩინოსნები და სპეციალური წარმომადგენლები.
ივანნიკოვის ინტერესები ცხინვალის რეგიონით თანამდებობის დატოვების შემდეგაც არ განელებულა. მან 2013 წელს გადაკვეთა საზღვარი, ნამდვილი გვარით და ავტომობილით, რომელიც ФСБ-ზეა რეგისტრირებული.
უკრაინის კრიზისის დაწყების შემდეგ ივანნიკოვი რუსეთის საჯარისო ფორმირებების მოქმედებას ხელმძღვანელობდა "ორიონის" მეტსახელით, მათ შორის დაჯგუფება "Вагнер"-ს, რომელიც ჯერ უკრაინაში, ხოლო შემდეგ სირიაში იბრძოდა ე.წ. "მოხალისეების" ფორმით, თუმცა რეალურად რუსული სპეცსამსახურებისა და თავდაცვის სამინისტროს დავალებებს ასრულებდა.
2014 წლის 14 ივლისს შედგა სატელეფონო საუბარი "ორიონსა" და რუსეთის მარიონეტულ "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "თავდაცვის მინისტრის მოადგილეს" ოლეგ ბუგროვს შორის, სადაც ბუგროვმა ხელმძღვანელს მოახსენა, რომ მათ პოზიციებს უკრაინის სამხედრო თვითმფრინავები ბომბავდნენ, რაზედაც "ორიონი" პასუხობს, რომ მათ უკვე აქვთ „Бук“-ები და "ერთი ორი დღეც და ჩამოვაგდებთ, დედას ....." ("пару дней осталось, у нас уже есть „Бук“, на х*й, будем сбивать").
და მართლაც, რამდენიმე დღეში მოხდა ბოინგის ჩამოგდებაც, საზენიტო-სარაკეტო დანადგარ «Бук»-ის მეშვეობით, რომლის ნომერია 332 და ეკუთვნის კურსკის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას. 17 ივლისს მან გადალახა უკრაინის საზღვარი და სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
16:20 საათზე ამ დანადგარიდან, დასახლებულ პუნქტ "სნეჟნოეს" მიმდებარე რეგიონიდან განხორციელდა გასროლა და ჩამოგდებულ იქნა სამგზავრო «Боинг» MH17. დაიღუპა 298 ადამიანი. სეპარატისტებმა "უფროსობას" მოახსენეს, რომ უკრაინული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Ан-ი ჩამოგადეს, თუმცა, რამდენიმე ხანში მიხვდნენ შეცდომას. იგივე «Бук»-ი ნომრით 332, რუსეთში დაბრუნდა, თუმცა მასზე ერთი რაკეტით ნაკლები იყო.
აღნიშნული სამხედრო დანაშაულის საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა (Joint Investigation Team — JIT) "ბოინგის" ჩამოგდებაში" ოფიციალურად დაადასტურა 53-ე ბრიგადის «Бук»-ის მონაწილეობა. 2016 წელს JIT-მა გამოაცხადა ძიება ორ მთავარ დამნაშავეზე, მეტსახელად «Орион» და «Дельфин».
JIT-ის მასალებიდან ირკვევა, რომ «Орион»-ი სამხედრო ოპერაციებს ხელმძღვანელობდა და ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა, ხოლო «Дельфин»-ი სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიაზე.
სხვადასხვა წყაროების მიხედვით, ივანნიკოვი 2015 წელს რუსეთში დაბრუნდა. მასალის გამოქვეყნებამდე The Insider-მა სცადა მას კიდევ ერთხელ დაკავშირებოდა, მაგრამ ის სახლში არ იმყოფებოდა. ცოლის განცხადებით, იგი მივლინებაშია.
თუ რა ხასიათის ატარებს ეს მივლინება, მხოლოდ ვარაუდები არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






