" ა.წ. 23 მაისს ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სასამართლო საჯარო განხილვას იწყებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მეორე სახელმწიფოთაშორისი სარჩელის საფუძველზე დაწყებულ საქმეზე (no. 38263/08), რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს - უკავშირდება. სიმბოლურია, რომ ზეპირი მოსმენა ომის მე-10 წლისთავზე იმართება.
საქმე უდავოდ კომპლექსურია და ევროსასამართლოც დიდი გამოწვევის წინაშეა. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სტრასბურგის სასამართლო ევროსაბჭოს წევრ ორ სახელმწიფოს შორის მომხდარი საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილ ადამიანის უფლებების დარღვევებს განიხილავს. აღნიშნული საქმე უკრაინასაც ეხება, ვინაიდან სწორედ მის ფარგლებში ჩამოაყალიბებს სასამართლო იმ სტანდარტებს, რომლითაც მომავალში უკრაინა-რუსეთის კონფლიქტისას კონვენციის შესაძლო დარღვევებს შეაფასებს. მსგავსი კატეგორიის საქმეები განსაზღვრავს რამდენად ძალუძს ევროსასამართლოს საკუთარი ისტორიული მისიის განხორციელება: დაიცვას დემოკრატიის და თავისუფლების პრინციპები, ასევე ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. საერთაშორისო ინსტიტუტების სიცოცხლისუნარიანობას და მორალურ ავტორიტეტს სწორედ ამ პრინციპების და ღირებულებებისადმი ერთგულება განსაზღვრავს, განსაკუთრებით ფინანსური თუ პოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში.
საქართველოში ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დამთავრებულა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები ყოველთვის იხდიდნენ გაყინული კონფლიქტის ფასს. ომია დღესაც, როცა მავთულებს გვივლებენ საკუთარ მიწაზე; ომია, როცა საკუთარ სალოცავებში და წინაპრების საფლავებზე არ გვიშვებენ; ომია, როდესაც საკუთარ სახლში ქვეყნის დამცველ ახალგაზრდებს გვიკლავენ; ომია როდესაც ჩვენი არსებობის კვალს შლიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართველ ბავშვებს მშობლიურ ენაზეს წავლას უკრძალავენ და ა.შ.
2008 წლის ომი მხოლოდ ერთი ფრაგმენტია ორსაუკუნოვანი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის ისტორიაში. სამწუხაროდ, ეს ისტორია არ არის მეგობრობის ან ერთმორწმუნე მეზობლებს შორის ჰარმონიული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის ისტორია. ეს ძირითადად, ქართველი ხალხისთვის თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის წართმევის და ქართული ეკლესიის განადგურების ისტორიაა.
ბევრისთვის საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა 2008 წლის ომის იზოლირებულ მოვლენად შეფასება და საქართველოს ხელისუფლების პროვოკაციაზე წამოგებისთვის დაბრალება. მაშინ, როცა ევროპულ საჯარო წესრიგში განხორციელებული ეს პირველი ბზარი დიდი გეოპოლიტიკური ძვრების მანიშნებელი იყო. ბევრი აღიარებს დღეს, რომ დასავლეთის გაუბედავმა მოქმედებებმა საქართველოში, შედეგად უკრაინა მოიტანა. მთელმა მსოფლიომ დაინახა როგორ მოხდა ყირიმის ანექსია მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას არ გადაუდგამს არა თუ რაიმე მაპროვოცირებელი ნაბიჯი, არამედ არც კი განუხორციელებია იმ მომენტისათვის რაიმე სამხედრო ქმედება. სამწუხაროდ, რუსეთი არ შემოიფარგლა ყირიმის ანექსიით. მან წაახალისა და მონაწილეობა მიიღო უკრაინის კიდევ ორი ტერიტორიული ერთეულის-ლუგანსკის და დონეცკის ოლქების დესტაბილიზაციაში. ასე აღმოჩნდა უკრაინა ომში, რამაც მსოფლიოს აშკარად აჩვენა, რეალურად რა მოხდა საქართველოში 2008 წელს.
სამწუხაროდ, მხოლოდ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა და შემდეგ რუსეთის აგრესულმა ანტიდასავლურმა პროპაგანდამ და ზოგადად, ჰიბრიდულმა ომმა გახადა ცხადი, რომ მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი შეტევა დასავლურ საჯარო წესრიგზე, ადამიანის უფლებების ევროპულ ფასეულობებზე, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასავლურ ღირებულებებზე. სწორედ ამ ღირებულებების დასაცავად შეიქმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. საქართველოში განხორციელებული აგრესიისთვის რუსეთის პასუხისმგებლობის დადგენაზეა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული გეოპოლიტიკურ სარბიელზე რუსეთის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების არეალი.
ქვეყნის შიგნით 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს დადანაშაულება, ისევე როგორც ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის მიმართ არათანამიმდევრულობა თუ მიმდინარე ოკუპაციის არასათანადოდ შეფასება დამღუპველია ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. არ არსებობს პოლიტიკური გზავნილები, რომელიც მხოლოდ შიდა და მხოლოდ გარე აუდიტორიაზეა გათვლილი. უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის, როგორც მტრული სახელმწიფოს მიმართ საზოგადოებრივი კონსენსუსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისთვის. ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერასოდეს უნდა გაბედოს ამ წითელი ხაზის გადაკვეთა, რომელიც საბოლოოდ ჩვენი ისტორიული მეხსიერების წაშლას ემსახურება.
ნუ წარმოვიდგენთ, რომ 1801 ან 1921 წელს ნაკლები განსაცდელი ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს. რუსეთის ახლანდელი მიზანიც სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის შერყევა და საბოლოოდ მისი წართმევა, რისი მიღწევის ერთადერთი გზა საქართველოს დაშორებაა ევროატლანტიკური პროცესებისგან. რუსეთის ხელისუფლებამ პირდაპირ აღიარა, რომ მათ ომისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყეს და რომ ის საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაჩერებლად იყო საჭირო. თუ გადავხედავთ შვედეთის, ფინეთის თუ მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საპასუხოდ რუსეთის რეაქციას, ადვილად გავაცნობიერებთ თუ რა ზეწოლის ქვეშ იყო და არის ქართული სახელმწიფო.
მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ჯერ კიდევ არსებობს მსოფლიო წესრიგი, რომელიც დაფუძნებულია ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და კანონის უზენაესობაზე. ჩვენ გვყავს კარგი მეგობრები, რომლებსაც სურთ საქართველო დამოუკიდებელი და კანონისუზენაესობაზე დამყარებულ ქვეყნად და მათ პარტნიორად იხილონ. ამის ფუფუნება არც მე-19 საუკუნის დასაწყისში და არც 1921 წელს არ გვქონია. არც წარსულის,არც აწმყოს და არც მომავლის წინაშე არ გვაქვს უფლება ეს ისტორიული შანსი დავუკარგოთ შთამომავლობას.
***
სახელმწიფოთაშორისი საჩივარი ევროსასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა. იგი ეხება საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტსა და შემდგომ ოკუპაციას. საჩივარი ეყრდნობა კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლებს, პირველი ოქმის 1-ელ და მე-2 მუხლებს (საკუთრების დაცვა და განათლების უფლება) და მეოთხე ოქმის მე-2 მუხლს (გადაადგილების თავისუფლება).
2011 წლის 22 სექტემბრის სასამართლო მოსმენის შემდეგ ევროსასამართლოს მეხუთე პალატამ 2011 წლის 13 დეკემბერს საჩივარი დასაშვებად ცნო. 2012 წლის 3 აპრილს პალატამ საჩივარი განსახილველად დიდ პალატას გადასცა. 2016 წლის 6 ივნისიდან 17 ივნისამდე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შვიდი მოსამართლისგან შემდგარმა დელეგაციამ ჩვენება ჩამოართვა 33 მოწმეს: 16 მათგანი გამოძახებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ, 11 - რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ, ხოლო 6 მოწმე უშუალოდ სასამართლოს მიერ იყო მოწვეული.
ევროსასამართლო არ განიხილავს ომის დაწყების კანონიერების საკითხს. მისი ამოცანაა შეაფასოს ცხინვალის რეგიონში ომის მიმდინარეობისას ჰქონდა თუ არა ადგილი ძალის არაპროპორციულ გამოყენებას რუსეთის მხრიდან, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა გამოიწვია. სასამართლოს მოუწევს კონკრეტული დაბომბვების შეფასება. მათ შორის უნდა გამოიყოს 2008 წლის 12 აგვისტოს ინციდენტი, რომელსაც გორის ცენტრში რამდენიმე ადამიანის, მ.შ. ჰოლანდელი ჟურნალისიტის, სტან სტორიმანსის სიცოცხლე შეეწირა. მრავალი ორგანიზაციის დასკვნით, მ.შ. ნიდერლანდების მთავრობის გამოძიებით დადგენილია, რომ ამ თავდასხმისას გამოყენებული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში განთავსებული ისკანდერი - ტაქტიკური სარაკეტო სისტემა (ნატოს დასახელება- SS26-Stone) რომელიც კასეტური ჭურვებით იყო აღჭურვილი. მიიჩნევა, რომ ის არის ყველაზე ზუსტი და გამანადგურებელი იარაღი რუსეთის შეიარაღებაში. საჯარო წყაროების ცნობით, საქართველო-რუსეთის ომი პირველი შესაძლებლობა იყო ამ კომპლექსის, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს 2007 წელს გადაეცა, ომის პირობებში გამოსაცდელად. მხოლოდ ამით შეიძლება აისხნას ასეთი ძვირადღირებული ტექნიკის გამოყენება იქ, სადაც ამის სამხედრო საჭიროება არ არსებობდა (ქართული შეიარაღებული ძალები იმ დროს გორში არ იმყოფებოდნენ). აღნიშნული კომპლექსი რუსეთმა სირიაშიც გამოიყენა, ასევე განათავსა კალინინგრადის ოლქსა და სასომხეთში.
ევროსასამართლომ ასევე უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი რუსეთის სამხედრო ნაწილების ან/და მათ კონტროლს დაქვემდებარებული სეპარატისტული ძალების მიერ სამოქალაქო პირებსა და მათ ქონებაზე მიზანმიმართულ და არაპროპორციულ თავდასხმას, რასაც სამოქალაქო პირების გარდაცვალება, ფიზიკური დაზიანება, ან უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ქონების განადგურება და ეთნიკური წმენდა მოყვა. გარდა ამისა, სასამართლო განიხილავს სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირებისადმი არასათანადო მოპყრობას და ამ უკანასკნელების დაკავების კანონიერებას; ასევე იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დარღვევებს. რუსეთის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს არა მხოლოდ რუსული შეიარაღებული ფორმირებების, არამედ ოსური არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების მიერ უშუალოდ ან რუსეთის ირიბი თუ პირდაპირი მხარდაჭერით განხორციელებულ უკანონო ქმედებებზეც, ვინაიდან როგორც მინიმუმ, რუსეთის ხელისუფლებას ზომები უნდა მიეღო ძალადობის აღსაკვეთად.
სასამართლოს განასხილველ საკითხებზე არსებობს უამრავი საერთაშორისო სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშები.
დიდი ალბათობით რუსეთი სადავო დაბომბვებს ქართულ მხარეს დააბრალებს. უდაოდ გაიმეორებენ აქამდე არაერთხელ საჯაროდ გაჟღერებულ პოზიციას, რომ რუსი მშვიდობისმყოფელების და საკუთარი მოქალაქეების დაცვას ისახავდნენ მიზნად. შეგახსენებთ, რომ რუსეთისე.წ. სამშვიდობო ძალები კონფლიქტის მთელი ისტორიის მანძილზე არა ნეიტრალურ, არამედ კონფლიქტის მხარეს წარმოდგენდნენ. ისინი მონაწილეობდნენ სეპარატისტების აღჭურვის და წვრთნის პროგრამაში, სამხედრო ბაზების მშენებლობაში და ხელს უწყობდნენ დაძაბულობის ესკალაციას. რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის კი უკანონო პასპორტიზაციის შედეგია, რომელიც ომამდე დიდი ხნით ადრე მიმდინარეობდა.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება სათანადოდ წარმოადგენს ქვეყნის ინტერესებს. ევროსასამართლო კი არ დაუშვებს ისტორიულ უსამართლობას და ობიექტურად შეაფასებს 2008 წელს საქართველოში განხორციელებულ აგრესიას. მე კი იმას ვიტყვი, რომ ნებისმიერი, უმნიშვნელო დოზითაც კი, პრო-რუსული პოლიტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს და 2008 წლის ომისადმი დამოკიდებულება ყველაზე ადვილი ტესტია ამის განსასაზღვრელად. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან დღესაც მიმდინარეობს ჰიბრიდული ომი. დემოკრატიის მტრებს არ უნდა მივცეთ იარაღი, რომ დემოკრატია დემოკრატიული მეთოდებითვე გაანადგუროს!"- წერს წოწორია.მასალის გამოყენების პირობები






