„გასაკვირი არ იყო, რომ რუსეთის მთავრობა შეეცადა დაემტკიცებინა, რომ დანაშაულის ადგილი და მათ მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულიც გაყალბებულია. მათ ამაზე პასუხი არ აქვთ. ეს არის სასოწარკვეთილი გუნდის და ადვოკატის უკანასკნელი ბერკეტი, რომ დაადანაშაულოს ყველა და თქვას, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ამერიკის დაზვერვის სამსახურმა Human Rights Watch-მა და CIA-მ შეაღწიეს რუსების ხაზზე, მოიპარეს ისკანდერები, ფრაგმენტებად აქციეს და დაყარეს, რომ შემდეგ ყველას რუსეთი დაედანაშაულებინა. მათი არგუმენტების სერიოზულად მიღება რთულია და დარწმუნებული ვარ, მისი გაკეთება ევროსასამართლოსთვისაც რთული იქნება. საკმაოდ კომპლექსური საქმეა. სასამართლოს აქვს ყველა მასალა და შედეგის მიმართ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. თუმცა წინასწარ ვერ ვიტყვით, სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს,“- განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, ბენ ემერსონმა.
საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატის, როდნი დიქსონის თქმით კი, რუსეთის მხრიდან იმის მტკიცება, რომ მათი ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან გასულია, სამარცხვინოა.
„გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ ჩვენი არგუმენტები წარვუდგინეთ. რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოდან გასულია, მაგრამ მტკიცებულება საპირისპიროა. მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ რუსეთის ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე რჩება. აკონტროლებს მას და ავლებს მავთულხლართებს. ასეთ ინსტიტუტში იმის მტკიცება, რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა, სამარცხვინოა,“- განაცხადა საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატმა, როდნი დიქსონმა.
მასალის გამოყენების პირობები






