ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ცეზარ ჩოჩელი ძიუდოისტების პროტესტს ეხმაურება. ჩოჩელი საუბრობს იმ პირობებზე, რომლებსაც სპორტსმენებს სთავაზობენ:
„მე ვთავაზობ, დავსხდეთ ყველა მხარე და მოვაგვაროთ პრობლემა. როდესაც სპორტსმენები ამბობენ, რომ თანხები არამიზნობრივად იხარჯება, ეს არასწორია. „ზედაზენი“ აფინანსებს ფედერაციას და ვახდენთ თანხების კონტროლს. მე მზად ვარ ავიღო ყველა პასუხისმგებლობა და დავეხმარო სპორტსმენებს პრობლემების მოგვარებაში, როგორც პირადი, ასევე სპორტული კუთხით. მე 3–4–ჯერ შევხვდი მათ და შევთავაზე ჩემი წინადადება. მე ვუთხარი, რომ საჭიროა ღირსეულად გამოვიდეთ ტურნირებზე, თუმცა მათგან მზაობა ვერ დავინახეთ. თუ დღეს მათ ვთავაზობთ ყველა პრობლემის მოგვარებას, დაწყებული საყოფაცხოვრებო პირობებიდან დამთავრებული სპორტული საკითხებით, რატომ არ უნდა ივარჯიშონ სპორტსმენებმა, თუ აქ არ იკვეთება პოლიტიკური და პირადი ინტერესები.
როდესაც მე ვკითხე, ძიუდოში თუ არსებობდა ამგვარი პრობლემები, რატომ არ მოხვედით–მეთქი, მათ მითხრეს, რომ ვერ შემაწუხებდნენ. რა გამოდის, რომ პირადი საქმეებისთვის შეეძლოთ შეწუხება და საერთო საქმისთვის და ძიუდოსთვის ერიდებოდათ? ზუსტად ის სპორტსმენები, ვინც დღეს გაფიცულები არიან, ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა, როდესაც „ზედაზენი“ ფედერაციის სპონსორი გახდა, არ შემოვიდნენ. მათ უმრავლესობას ცალკე შევხვდი და მათ მითხრეს, თუ რა სარგებელს მიიღებდნენ ისინი პირადად ამ სპონსორობისგან. ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ ამ თანხას ძიუდოს განვითარებაში ვდებდით, თუმცა ბუნებრივია, რაღაც ნაწილი მათაც ეკუთვნოდათ“, – განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა.
მასალის გამოყენების პირობები






