„ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პარტიის ლიდერ, ბიძინა ივანიშვილთან და შს მინისტრთან ერთად ნარკოპოლიტიკაზე მსჯელობდნენ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის საკითხებზე დღევანდელი მსჯელობისას პოზიციები გამოიკვეთა, თუმცა შესაჯერებლად საჭიროა დამატებითი კონსულტაციები.
„ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი. შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძელდება. რა გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ, უნდა ჩამოვყალიბდეთ, ალბათ იქნება შიდა რეიტინგული კენჭისყრა, თუ ამის საჭიროება დადგა. გადაწყვეტილებას ყველა ვარიანტში მივიღებთ.
ძალიან მნიშვნელოვანი მსჯელობა გაიმართა, პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისთვის, რომ შევჯერდეთ. ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისთვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს. დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. აქამდე რა მსჯელობაც იყო, იმავე საკითხებზე გაიმართა. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება, კერძოდ, დეტალებზე, დეკრიმინალიზაციის ვადებზე და ა.შ.“ ,– განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






