საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, 2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დომე 2016 წელთან შედარებით 0.1%-ლი პუნქტით შემცირდა და მან 13.9% შეადგინა.
საქსტატისვე მონაცემებით, უმუშევრობა 2018 წლის პირველ კვარტალში 0,1%-ით გაიზარდა და 14% შეადგინა.
"2017 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 13.9 % შეადგინა და 2016 წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა შემცირებული - 0.1%. ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზე გვაქვს დაქირავებულთა რაოდენობის წილის ზრდა, შესაბამისად, თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდის შემცირება. უმუშევრობის დონე შედარებით მაღალია ქალაქდასახლებაში, დაახლოებით, 22.8% ფარგლებში, ხოლო სოფლად 5.1% ფარგლებში, რაც შეეხება ასაკობრივ ჯგუფებს, 15-დან 24 წლამდე ასაკში შედარებით მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება ტრადიციულად. ხოლო 65 წლის ზემოთ უმუშევრობის დონის შედარებით დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სახეზე",- განაცხადა თოდრაძემ.
საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს დასაქმებულთა რიცხვი 1,706 მილიონ ადამიანს შეადგენდა, 2018 წლის პირველ კვარტალში კი ეს მაჩვენებელი 1,666 მილიონამდე შემცირდა.
თოდრაძის თქმით, ქვეყანაში ჯამში 1 მლნ 700 ათასი დასაქმებული პირია, აქედან 880 000 თვითდასაქმებულია, 280 ათასი კი სახელმწიფო სექტორშია დასაქმებული.

მასალის გამოყენების პირობები






