„მე ამაზე ბევრჯერ მისაუბრია, მათ შორის ჩემი პარლამენტში გამოსვლის დროსაც. რა თქმა უნდა, კომუნიკაცია მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჟენევის ფორმატი გამოსაყენებელია მაქსიმალურად. შესაძლებელია, რომ ჟენევის ფორმატის დონის აწევის შემთხვევაში, ჩვენი პარტნიორების ჩართულობით იქ მოხდეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გარღვევა. მე ამის მჯერა, ამის რესურსს ვხედავ და ვფიქრობ, იმ წითელი ხაზების დაცვით, რომლებიც საქართველოს გააჩნია და ბუნებრივია, ეს არის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი სუვერენიტეტი, პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია. უბრალოდ, ამისთვის საჭიროა, მაქსიმალურად გამოყენებული იყოს ის ფორმატები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჟენევის ფორმატის რესურსის ბოლომდე გამოყენება. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და კიდევ ვამბობ – მინიმუმ მინისტრის დონეზე, შესაძლოა, უფრო მაღალ დონეზეც გაიმართოს ეს შეხვედრა. ამ ფორმატში არის აბსოლუტურად ყველა ის მოთამაშე, რომელთა ჩართულობითაც იმ პრობლემასა და იმ უდიდეს ტკივილში, რომელიც საქართველოს გააჩნია, შესაძლებელია პოზიტიური დინამიკის შექმნა" - აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






