"ამ გამოწვევების საპასუხოდ სამინისტროში შემუშავებული იყო სისტემური განახლების კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს სამ კომპონენტს - ეს გახლავთ სტრუქტურული რეფორმები, შინაარსობრივი რეფორმები და საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწა. თითოეული მათგანი მოიცავს კონკრეტულ გეგმას. მაგალითად, სტრუქტურული რეფორმების ძირითადი კომპონენტი ეს არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საპატრულო პოლიციის რეფორმა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტის გაძლიერება. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, აქ ცოტა მეტი გამოწვევა გვაქვს და მეტი დრო დაგვჭირდება, თუმცა აქაც აშკარად გვაქვს გამოკვეთილი მიმართულებები, რომლებიც პრინციპულად მნიშვნელოვანია. ეს არის ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა, რაც უნდა გახდეს პრევენციის ყველაზე უფრო სერიოზული ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა ეს არის ტექნოლოგიები და ადამიანური რესურსის მართვა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენი პოლიცია ტექნოლოგიური დონით ჩამორჩება იმ საერთაშორისო, აღმოსავლეთ ევროპის ნორმებსაც, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ დანაშაულთან ბრძოლა იყოს უფრო ეფექტური. რაც შეეხება ადამიანური რესურსების მართვას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან სისტემა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანაში და მასში მოსულ ადამიანს უნდა ჰქონდეს ძალიან მკაფიოდ წარმოდგენილი, როგორც სოციალური გარანტიები, ასევე ვერტიკალური ზრდის მკაფიო საშუალებები, რათა მან შეძლოს თავისი ცხოვრების დაგეგმვა და კარიერული ზრდა სისტემაში. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც არის კონცენტრირებული შს სამინისტროს 2018 წლის გეგმა" - აღნიშნა შსს მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






