„რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების კურსი აიღო. სამწუხაროა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების წინა რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია რუსი დიპლომატის გაძევების წინააღმდეგი იყო, რაც კიდევ უფრო ართულებს ისედაც მძიმე ვითარებას. მით უმეტეს, რომ სოლსბერის ინციდენტთან დაკავშირებით, მნიშვნელოვან მტკიცებულებებს ორმაგი აგენტის მოწამვლის შესახებ ჩვენ ვერ ვხედავთ. სამწუხაროდ საქართველოში არიან შიდა ძალები, 2008 წლის აგვისტოს ავანტურის ავტორები, რომლებიც რატომღაც პარლამენტსი სხედან და არ არიან სათანადოდ დასჯილები. არიან გარე ძალებიც , რომლებიც ეწინააღმდეგებიან დიალოგს და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციას“- განაცხადა ადა მარშანიამ.
თანაპარტიელის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი და განაცხადა, რომ მარშანიას არაფერი განსხვავებული არ უთქვამს იმისგან, რაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით ტალიავინის ცნობილ დასკვნაშია ნათქვამი. ირმა ინაშვილის თქმით, აგვისტოს ომი, კოდორის და ახალგორის ჩაბარებაც წინა ხელისუფლების დროს მოხდა, ამაში კი ერთ-ერთ დამნაშავედ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, ამჟამად კი ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია დაადანაშაულა.
„ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ აგვისტოს ომი, კოდორის ჩაბარება სამარცხვინოდ, ახალგორის ჩაბარება, ეს უკავშირდება წინა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენელს, მათ შორის, ბატონ ბოკერიას, რომელმაც სამარცხვინოდ გააჩუქა კოდორი, სადაც საომარი მოქმედებები, სხვათა შორის არ მიმდინარეობდა, ისე მოხდა კოდორის ჩაბარება და ახალგორიც. ამიტომ არაფერი განსხვავებული და მოღალატეობრივი ადა მარშანიას არ უთქვამს.“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით „პატრიოტთა ალიანსი“ არის პირდაპირ რუსეთის დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური ძალა და ამასთანავე „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია და მათან მსგავსი განცხადებები გასაკვირი არაა:
„პატრიოტთა ალიანსი“ არის პირდაპირ რუსეთის დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური ძალა ამ ქვეყანაში. ტრაგედია არის ის, რომ ისინი რეალურად წარმოადგენენ სატელიტ პარტიას „ქართული ოცნების“. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ჩვენ გვესმის მუდმივად მსგავსი განცხადებები, რომელიც კვლავაც ადანაშაულებს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ სახელმწიფოს ოკუპაციის მოხდენაში ჩვენი ტერიტორიების, ამიტომ, „პატრიოტთა ალიანსიდან’ მსგავსი განცხადებები ჩვენ არ გვიკვირს.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მარშანიას განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი წერეთელიც, მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსის წევრები ზუსტად იმეორებენ იმ განცხადებებს, რომელსაც რუსული მხარე აკეთებს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ქართველი პოლიტიკოსები, მით უმეტეს, საქართველოს პარლამენტის წევრები იმისთვის მიდიან მოსკოვში, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთონ და ზუსტად ერთი-ერთში გაიმეორონ ის, რასაც საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ავტორები აკეთებენ. ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა სეპარატიზმს, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მართლაც ეს ხალხი ზის დღეს რუსეთის დუმაში. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს საკითხები უნდა შეახსენონ მათ და კიდევ ერთხელ უნდა განუცხადონ პრინციპულად, თუ ისინი საქართველოს პარლამენტის წევრები არიან, რომ რუსეთმა უნდა შეცვალოს ასეთი პოლიტიკა და საქართველოს მიმართ ეს მოქმედებები უნდა იყოს აბსოლუტურად სხვანაირი, ვიდრე ეს არის დღეს.“- განაცხადა გიგი წერეთელმა.
მმართველი გუნდის წარმომადგენლის ეკა ბესელიას თქმით, პატრიოტთა ალიანსი თავად იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ასეთ ვიზიტებზე და თავადვე უნდა უპასუხონ მათ მიმართ გაჩენილ კითხვებსაც:
„პარტია თავად იღებს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, როდესაც ასეთ ვიზიტს ახორციელებს და ისინი თავად უპასუხებენ იმ კითხვებზე, რაც ასეთ დროს ჩნდება. ჩვენ, როგორც ხელისუფლება, როგორ ვუყურებთ ამ პროცესს, ეს პარტიული ვიზიტია და ჩვენ, რომ ვთვლიდეთ საჭიროდ ასეთი ფორმატების გამართვას, ასეთი გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იქნებოდა მიღებული. ამიტომ, მან თავად უნდა განმარტონ ასეთი პარტიული ვიზიტის დროს, რა არის მიზანი.“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






