„ეროვნული ერთობის“ წევრები 13 მაისის აქციაზე მუქარის შემცველი განცხადებების გამო დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. გიორგი ჭელიძე და თორნიკე ვაშაკიძე ბრალდებას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ 13 მაისს ისინი არა რუსთაველის გამზირზე, არამედ „ლონდონის სკვერში“ იმყოფებოდნენ . ისინი მათ დაკითხვაზე დაბარებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.
დაკითხვიდან გამოსულმა გიორგი ჭელიძემ ძალადობაში მონაწილეობა უარყო, თუმცა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფოს მართვის სადავეები და კონტროლი ხელიდან გაექცევა, მისი ორგანიზაცია მზადაა კონტროლის აღდგენაში ჩაერთოს:
„კითხვები უკავშირდებოდა ჩვენს მიერ თითქოსდა ძალადობრივი მოწოდების გავრცელებას, ბრუტალური მოქმედებები და ასე შემდეგ, რასაც ჩვენ მთელი დღე ვაჟღერებდით. თუკი მოხდება სამოქალაქო ომი, ახლაც განვაცხადებ, და სახელმწიფოს მართვის სადავეები და კონტროლი ხელიდან გაექცევა ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ“- განაცხადა ჭელიძემ.
ამავე ორგანიზაციის ერთ-ერთი დანაყოფის, მოძრაობა „შავპერანგიანების“ მეთაური თორნიკე ვაშაკიძე აცხადებს, რომ მათ არცერთ წევრს ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღიათ და მათ ორგანიზაციაზე ამის დაბრალება მიზანმიმართულად ხდება:
„ჯგუფურ ძალადობაში „ეროვნული ერთობის“ არცერთ წევრს არ მიუღია მონაწილეობა, ამაზე ვარ პასუხისმგებელი, ვინაიდან და რადგანაც „ეროვნული ერთობა“ ზუსტად იმ საათებში, როდესაც მოხდა ეს ფაქტი, იყო ლონდონის პარკში გამოკეტილი. ამ ჩირქის მოცხება ვისაც უნდა ჩვენ ორგანიზაციაზე, ცოტა გვიფრთხილდით.“- განაცხადა თორნიკე ვაშაკიძემ
მასალის გამოყენების პირობები






