საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არსებული ნარკოპოლიტიკა „არავისთვის არ არის მისაღები“. კვირიკაშვილის განცხადებით, ფაქტია, რომ ცვლილებები საჭიროა, მისივე თქმით, ნარკოტიკების გამსაღებლებისადმი და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოცხადდეს.
„ცვლილება რომ საჭიროა, ფაქტია. ფაქტია, რომ მომხმარებლისადმი ჰუმანურმა მიდგომებმა ბევრ ქვეყანაში გაამართლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში, ეს არ უნდა ავურიოთ ნარკოტიკების პოპულარიზაციაში. ეს არის ყოვლად მიუღებელი, ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლებისადმი და ნარკოტრაფიკის წინააღმდეგ აბსოლუტურად შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოვაცხადოთ. იმედი მაქვს, რაღაც ტიპის კონსენსუსი იქნება მიღწევადი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, შევჯერდებით.
გუნდში მიდის ძალიან აქტიური განხილვა ამ საკითხის. ასევე, დღეს დავაანონსეთ საკითხი – ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება. ეს არ არის მხოლოდ განცხადება, არამედ კონკრეტული ნაბიჯებია გათვალისწინებული, თავისი დაფინანსებით – თუ როგორ მოვახდინოთ ძალიან მოკლე პერიოდში სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ახალი ობიექტების დამატება. იმისთვის, რომ მასობრივი და ხელმისაწვდომი იყოს ჩვენი მოსახლეობისთვის სპორტული ობიექტები.
ბუნებრივია, ამ ფორმატში ნარკოპოლიტიკის დეტალებზე განხილვას არ შევუდგები. უნდა ვეცადო, რომ მივაღწიოთ ისეთ მოდელს, რომელიც იქნება ქვეყნისთვის მისაღები, ნარკოტიკების მოხმარებას შეამცირებს, სახელმწიფოს უხეშ დამოკიდებულებას ნარკომომხმარებლების მიმართ შეარბილებს და შეურიგებელ ბრძოლას გამოუცხადებს ნარკოტიკებით ვაჭრობას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






